ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.1 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.409 ლარი ღირს

ტაბულა

ლარი დღევანდელ სავალუტო აუქციონზე დოლართან მიმართებით 0.12 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.4091 ლარია. ევროსთან მიმართებით კი ლარი მცირედით - 0.2 თეთრით გამყარდა, ახალი კურსით ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6278 ლარს შეადგენს. 

ლარის ბოლოდროინდელ რყევებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია.

"თუ გადავხედავთ მიმდინარე ანგარიშის ბოლო თვეების ტენდენციებს, დინამიკა გაუმჯობესებაზე მეტყველებს. ტურიზმი გაიზარდა 11%-ით, ფულადი გაზვნილები 13%-ით არის გაზრდილი. სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8%-ით გაიზარდა, ამავე თვეში იმპორტი 2%-ით შემცირდა. ასევე ბოლო პერიოდში დოლარი მყარდებოდა საკმაოდ და გარკვეულწილად პიკსაც მიაღწია გუშინ სხვა ვალუტებთან შედარებით. თუ ყველაფერს ერთად შევხედავთ, დღევანდელ დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით", - ამბობს გვენეტაძე.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი აუცილებლად შეინარჩუნებს სტაბილურობას და მას გამყარების ტენდენციაც ექნება.

"ლართან დაკავშირებით გააკეთა განცხადება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის თანახმადაც ერთჯერად ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი. ეს ტრანზაქციები დასრულებულია და იმედი გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება", - ამბობს ხადური.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, წლევანდელი გაუფასურების პიკი კი 28 იანვარს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.498 ლარი ღირდა.

კომენტარები