ქარიშხალი მეთიუ

აშშ-ში ქარიშხალ მეთიუს სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა

ddp USA/Rex/Shutterstock

აშშ-ში ქარიშხალ მეთიუს სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი შტატები დააზარალა.

ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ქარიშხალმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, რომელსაც სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა. ფლორიდის შტატში დაღუპულია 6 ადამიანი, ჯორჯიის შტატში კი 3.

გარდა ამისა, უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში, ერთ მილიონზე მეტ ამერიკელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ქარიშხალ მეთიუს ყველაზე მეტი ადამიანი ჰაიტიში ემსხვერპლა, სადაც უკანასკნელი მონაცემებით, 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გაეროს ცნობით, ჰაიტიში ქოლერის დაავადების რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა და ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას.

ქარიშხალი მეთიუ ბოლო 10 წლის განმავლობაში, კარიბის ზღვის აუზში ყველაზე ძლიერ ქარიშხლად დაასახელეს.

კომენტარები