არჩევნები 2016

ბაქრაძე GFK-ზე: ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხის ნდობის მანდატი ვერ მოიპოვა

ტაბულა

GFK-ს ეგზიტპოლის პირველად შედეგებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეგზიტპოლის პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხის ნდობის მანდატი ვერ მოიპოვა. მან, ასევე, ისაუბრა იმ ამომრჩეველზე, რომელმაც ეგზიტპოლთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა. ასეთი ამომრჩევლის რაოდენობა 33%-ა. დავით ბაქრაძის თქმით, დიდი ალბათობით, ასეთი ამომრჩევლის დიდი ნაწილი სწორედ ენმ-ის მხარდამჭერია, რაც რადიკალურად შეცვლის შედეგებს.

"რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მოვისმინეთ ეგზიტპოლის შედეგები და მინდა გამოვეხმაურო ამ შედეგებს. პირველი, რაც მინდა ვთქვა, განვლილი თვეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უმძიმესი საარჩევნო კამპანია, რომელიც ხასიათდებოდა ძალადობით, აფეთქებებით, სხვადასხვა ტიპის ბრალდებებით, მოსახლეობის დაშინებით და დათრგუნვით, თითქოსდა, მოსალოდნელი საფრთხეებით. დღეს ჩვენ ვიხილეთ საარჩევნო დღე, სადაც გამოყენებული იქნა დარღვევების მთელი სპექტრი დაწყებული მარნეულში ფართომასშტაბიანი ძალადობით და დასრულებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითა და ამომრჩევლის მოსყიდვით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ ეგზიტპოლის პირველადი შედეგებითაც კი ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოიპოვა ქართველი ხალხის ნდობის მანდატი. 2012 წელს წაგებულმა ენმ-მა მიიღო უფრო მეტი ხმა, ვიდრე, სავარაუდოდ, ეგზიტპოლის მიხედვით, დღეს მიიღო პირველ ადგილზე მყოფმა ქართულმა ოცნებამ. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ძალიან მაღალი პროცენტი იყო ზუსტად იმ ამომრჩევლის, რომელმაც უარი განაცხადა, ეპასუხა ეგზიტპოლის შეკითხვისთვის. 33%-მა უარი განაცხადა, ეპასუხა ეგზიტპოლის შეკითხვისთვის. ეს არის სრულიად ბუნებრივი დაშინების, ძალადობის და დაზაფრვის იმ კლიმატში, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ხმების დათვლის შედეგად, იმ 33%-ის ძალიან დიდი ნაწილი, ვინც უარი განაცხადა საკუთარი პოზიციის დასახელებაზე, არიან სწორედ ენმ-ის მომხრეები და მათი ხმები ცესკო-ში ხმების დათვლის შედეგად წამოვა სწორედ ენმ-ისკენ. ის 7% განსხვავება, რომელიც აჩვენა პირველადმა კვლევამ, არის აბსოლუტურად პირობითი და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს 4-5 საათში ეს მონაცემი რადიკალურად შეიცვლება და სწორედ ამ ადამიანების ხმების ხარჯზე ენმ დაიკავებს პირველ ადგილს. ბოლო, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ეგზიტპოლი. ნებისმიერი ეგზიტპოლი გახლავთ წინასწარი შედეგი და საბოლოოდ ყველაფერი წყდება უბნებზე, ოლქებზე, კომისიებში. ამიტომ, მე მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ ჩვენს კომისიის წევრს, წარმოამდგენელს კომისიაში - ჯერი ჩვენზეა, მეგობრებო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, უნდა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლის ხმები, ვიმუშაოთ, დავდოთ ობიექტური შედეგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ დილით მთელი საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ენმ ამ არჩევნებში პირველ ადგილზეა", - თქვა დავით ბაქრაძემ.

გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GfK-ის არასრული ეგზიტპოლის თანახმად, პროპორციული სიით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას 3 პარტია ახერხებს. ესენია ქართული ოცნება - 39.9%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 32.74%, პატრიოტთა ალიანსი - 5.76%.

კომენტარები