არჩევნები 2016

ბოკერია: წინასწარი მონაცემები ნიშნავს, რომ ივანიშვილმა ხალხის ნდობა ვერ მიიღო

ტაბულა

"წინასწარი მონაცემები, იმ უმძიმეს ფონზეც კი, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთ მთელი დღის განმავლობაში და იმ კამპანიის პირობებში, როცა იყო ტერაქტი და ძალადობა, ნიშნავს იმას, რომ მანდატი, ამომრჩევლის ნდობა ივანიშვილმა ვერ მიიღო", - ამის შესახებ განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.

"წინასწარი მონაცემები, იმ უმძიმეს ფონზეც კი, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთ მთელი დღის განმავლობაში და იმ კამპანიის პირობებში, როცა იყო ტერაქტი და ძალადობა, ნიშნავს იმას, რომ მანდატი, ამომრჩევლის ნდობა ივანიშვილმა ვერ მიიღო. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ჩვენ ეს მონაცემები, ასევე ისიც, თუ რამხელა იყო იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც უარი თქვა პასუხზე, თუ არ ვცდები 30 % - ზე მეტი. ჩვენ ვნახავთ წინასწარ შედეგებს რამდენიმე საათში და დარწმუნებული ვარ, რომ ის მონაცემები იქნება კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი, ვიდრე ახლა. მთავარია, ჩვენ დავიცვათ ჩვენი ხმები, მითუმეტეს იმ მძიმე ფონის გათვალისწინებით, რაც დღეს ვიხილეთ ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის ერთი მაგალითია მარნეული, ასევე არაერთი მაგალითია ამისი. ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდად და ორგანიზებულად და ამისკენ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მომხრეს", - განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება ეგზიტპოლის შედეგებს უნდობლობას გამოუცხადებს, ბოკერიამ უპასუხა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვის გამოუცხადებს ივანიშვილი ნდობას.

"რა მნიშვნელობა აქვს, ვის გამოუცხადებს ივანიშვილი ნდობას, ჩვენ უნდა დავითვალოთ ჩვენი ხმები, ისე, როგორც ეს არის საჭირო. ისიც გვახსოვს, როგორ დასცინოდნენ ივანიშვილი და მისი გუნდი რუსთავი 2-ის ეგზიტპოლებს და მერე ვნახეთ, რომ შედეგები ამ ეგზიტპოლებთან ბევრად უფრო ახლოს იყო, ვიდრე, ბუნებრივია, იმ დაკვეთილ ციფრებთან, რასაც ვხედავდით ივანიშვილის არხზე", - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GfK-ის არასრული ეგზიტპოლის თანახმად, პროპორციული სიით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას 3 პარტია ახერხებს. ესენია ქართული ოცნება - 39.9%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  - 32.74%, პატრიოტთა ალიანსი - 5.76%.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი შედეგებია: ლეიბორიტული პარტია 4.21%, სახელმწიფო ხალხისთვის 3.25%, თავისუფალი დემოკრატები 3.21%, დემოკრატიული მოძრაობა 2.81%, სხვა პარტიები 8.12%.

კომენტარები