არჩევნები 2016

ჯანდიერი: თიანეთის გამგებელს სამსახურებრივი ავტომობილით მიჰყავს ხალხი უბნებზე

ტაბულა

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის წევრი დავით ჯანდიერი 13:00-მდე არსებულ მდგომარეობასა და დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, უბნებზე ათობით დამკვირვებელი არ დაუშვეს.

"უბნებზე ადგილი ჰქონდა წინასწარ შეთანხმებულ ვითომ გაუგებრობას. საქმე ის გახლავთ, რომ ათობით დამკვირვებელი არ შეუშვეს უბნებზე იმ მოტივით, რომ მათ მიერ წარდგენილი სადამკვირვებლო მოწმობები იყო შავ-თეთრი. დიახ, ცესკო გასცემს შავ-თეთრ სადამკვირვებლო მოწმობებს. ამიტომ, ეს უბნებზე არდაშვების საბაბი არ უნდა გამხდარიყო. ეს, სავარაუდოდ, იქნა იმისთვის გამოყენებული, რომ იმ პერიოდში, როდესაც დამკვირვებლები არ იყვნენ უბნებზე, გაეკეთებინათ ის, რაც მათ სურდათ", - განაცხადა ჯანდიერმა.

ჯანდიერის განცხადებით, არაერთხელ დაფიქსირდა ბიულეტენების საჯაროდ შევსების ფაქტი.

"ახმეტის 28-ე ოლქში სოფლის გამგებელი დგას კართან და ეწევა აგიტაციას ხელისუფლების სასარგებლოდ. ლაგოდეხის 26-ე ოლქში არასამთავრობოებს არ უშვებდნენ იმიტომ, რომ მათ ეგონათ, რომ ისინი იყვნენ პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლები, თუმცა შემდგომში შეუშვეს. ახალქალაქის 46-ე ოლქში 26-ე და 34-ე უბნებზე გახსნილი ბიულეტენები გამოიტანეს კართან და ანახეს, რომ 41 ნომერი იყო შემოხაზული და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს... საგანგაშო მდგომარეობაა გარდაბანში. 21-ე, 58-ე, 59-ე, 60-ე და 61-ე უბანი, ეს არის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი ყარაჯალა. დამკვირვებლები და წარმომადგენლები არათუ არ შეუშვეს, არამედ გამოუშვეს უბნიდან. ჩვენ ახლა ველოდებით ფოტომასალას. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყუა როდესაც უნდა მოხეულიყო და ბიულეტენები უნდა გაცემულიყო, ყუა არ არის მოხეული ან არის იმგვარად მოხეული,რომ დარჩენილია რეგისტრატორთან და 30-მდე ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული, იმისთვის რომ პირველი ნომერი ვერ შემოხაზონ. ნინოწმინდის 46-ე ოლქში ღიად აძლევენ ხმას, რათა შემოხაზონ შესაბამისი პირები. ჩხოროწყუს 67-ე ოლქი განსაკუთრებით საგანგაშოა იმიტომ, რომ პოლიციური რეჟიმის და წნეხის ქვეშ მიმდინარეობს არჩევნები. კერძოდ, პოლიცია აგიტაციას ეწევა, არსებობს შესაბამისი მასალა - პროკურორები, ძალოვნები, პირდაპირ მონაწილეობენ მე-16 უბნის ეზოში... ბოლო ორი დარღვვა, რაც ახლა მივიღეთ - თიანეთის გამგებელი შემჩნეულია თავისი სამსახურებრივი ავტომობილით ხალხის მოყვანაში. ვაზისუბნის 63-ე უბანზე არის ძალიან მძიმე ვითარება, ვინაიდან დაიკარგა სარეგისტრაციო ბეჭედი, რომელიც მანამდე არსებობდა. სავარაუდოდ, ეს ბეჭედი გატანილია გარეთ და მიმდინარეობს კარუსელის მცდელობა, რის გამოც ვწერთ საჩივარს“,- თქვა ჯანდიერმა და ხელისუფლებას მოუწოდა, როომ საარჩევნო პროცესს ჩამოაშოროს გამგებლები, ძალოვნები და პროკურორები.

კომენტარები