არჩევნები 2016

სკოტი: გასული 10 დღის განმავლობაში გამოიკვეთა მედიის პოლარიზების ტენდენცია

სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით წინასაარჩევნო პერიოდში მედიამონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. საარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიში მიმდინარე წლის 20 მაისიდან 25 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. პრეზენტაციაზე მედიამონიტორთა ჯგუფმა ასევე 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის პერიოდში რამდენიმე წინასწარი შედეგი წარადგინა, სადაც მათი თქმით პოლიტიკური ტემპერატურის მატების ფონზე მედიის ცალკეული სეგმენტების პოლარიზების ტენდენცია გამოიკვეთა.

"ანგარიში, რომელიც წარვადგინეთ მოიცავს პერიოდს 20 მაისიდან 25 სექტემბრამდე. ჩვენ დავინახეთ, რომ 25 სექტემბრის შემდეგ ტენდენციები ოდნავ შეიცვალა იმ პოლიტიკური ტემპერატურის მატებასთან ერთად, რომელიც ამჟამად საქართველოშია. ამიტომ დღეს ჩვენმა მედიამონიტორებმა წარადგინეს გასული 10 დღის შედეგებიც, სადაც სურათი გარკვეულ მედიასეგმენტში შეიცვალა. უფრო მეტად გამოიკვეთა მედიის პოლარიზების ტენდენცია, თუმცა მთლიანი სურათი არის მაინც დადებითი." - განაცხადა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნილ სკოტმა. 

მედიამონიტორინგი 2016 წლის მაისში დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება. არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგში ჩართულია სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. ანგარიშების ნახვა შესაძლებელია მედიამონიტორინგის ვებ გვერდზე.

კომენტარები