არჩევნები 2016

კობახიძე: არ ვიცი, ვინ აჟღერებს სიცრუეს ივანიშვილის წასვლაზე

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების შემთხვევაში, ქვეყნის დატოვებას აპირებს, მანანა კობახიძე ტაბულასთან საუბარში "სრულ სიცრუეს" უწოდებს.

"სრული სიცრუეა. ეს არის არასწორი, ცრუ ინფორმაცია. არ ვიცი, ვინ აჟღერებს ამას და რატომ ხდება ამ სიცრუის ტირაჟირება. ნუ, რაღაც ძალებს, ალბათ, აინტერესებთ, რომ გაავრცელონ ტყუილი. არავითარი მსგავსი არ ყოფილა", - ამბობს კობახიძე.

მანანა კობახიძის თქმით, პარტია არც კი განიხილავს არჩევნების წაგების ვერსიას. "მაინც" და "თუ" არ არსებობს, არჩევნებს ვიგებთ", - თქვა მან.

ტაბულას კითხვას, რატომ გამორიცხავს არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხებას, კობახიძე პასუხობს: "იმიტომ, რომ ყოველდღიურად ვხვდები პირადად მოსახლეობას და ვიცი მათი განწყობა. აი, ახლა შეგიძლიათ, შემოგვიერთდეთ, ზუგდიდში მივემგზავრებით - იქ, სადაც ზუსტად ნაციონალურ მოძრაობას ჰგონია, რომ რაღაც მხარდაჭერა აქვს. ეს ასე არ არის, ეს საზოგადოების მოტყუების მცდელობაა. ძალიან დიდი მუხტია და საზოგადოება ემზადება გამარჯვებისთვის, ქართულ ოცნებასთან ერთად".

კომენტარები