ისრაელი

პრემიერი შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. კვირიკაშვილი ისრაელის მთავრობასა და ხალხს უსამძიმრებს.

"შიმონ პერესი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა ისრაელის ისტორიაში. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. თანამედროვე ისრაელი სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული. იგი იყო პოლიტიკოსი, რომელმაც კარგად იცოდა მშვიდობის ფასი და დაუღალავად იბრძოდა ადამიანების სიმშვიდისათვის. შიმონ პერესმა მისი მოღვაწეობის შედეგად შექმნა მყარი ფუნდამენტი მშვიდობისა და სტაბილურობის შემდგომი განმტკიცებისთვის ისრაელსა და რეგიონში. ამ რანგის პოლიტიკური ფიგურების არსებობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე მსოფლიოსათვის და გვჯერა, მისი მემკვიდრეობა იქნება სამაგალითო გამოცდილება მომავალი სახელმწიფო მოღვაწეებისა და ახალი თაობებისთვის", - ნათქვამია კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.

ისრაელის ექსპრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პერესი თელავივის საავადმყოფოში ორი კვირის წინ ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს და ამ დრომდე ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. 2016 წლის იანვარში პერესმა გულის შეტევაც გადაიტანა.

შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტის პოსტს 2007-2014 წლებში იკავებდა. ის ასევე, 2-ჯერ იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი. ასევე, თავდაცვის, ფინანსთა, კავშირგაბმულობის, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრი.

1994 წელს მან პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების გამო, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

კომენტარები