არჩევნები 2016

დარჩება თუ არა ვაშაძე ბურჭულაძის ბლოკში, კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი

გიორგი ვაშაძე
ტაბულა

დარჩება თუ არა გიორგი ვაშაძის პარტია ბლოკში "სახელმწიფო ხალხისთვის", კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ "ახალი საქართველოს" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თქვა.

"ახლა არის მნიშვნელოვანი საკითხი - უნდა მოხდეს ორ პოლიტიკურ ძალას შორის კონსულტაცია და ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. თუ კონსულტაცია არ შედგა, თუ ლაპარაკი არ იქნა, ამაზე განცხადებას ვერ გავაკეთებთ. როგორ წარმოგიდგენიათ, პირდაპირ ეთერში ხომ არ გაიმართებოდა კონსულტაცია ვაშაძე-ბურჭულაძეს და პოლიტიკურ გუნდებს შორის, ეს ხომ წარმოუდგენელია. ამიტომ არ იყო გუშინ გიორგი ვაშაძე ეთერში", - ამბობს ხაბეიშვილი და აღნიშნავს, რომ "მსგავსი რამ, თითქოს ვიღაცამ ვიღაცას ფული მოსთხოვა და დააშანტაჟა, არ ყოფილა, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს".

ცნობისთვის, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი გუშინ პაატა ბურჭულაძის ბლოკს "სახელმწიფო ხალხისთვის" გამოეყო. ბურჭულაძის განცხადებით, საპარლამენტო სიიდან გირჩის წევრების ამოღების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან შეიტყო, რომ მათ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ზურაბ ჯაფარიძის მტკიცებით კი, პაატა ბურჭულაძე მას აშანტაჟებდა, რის გამოც, გირჩმა ბლოკი დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მას ცესკოში საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმებული აქვს. 

ამასთან, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს საარჩევნო სიის შეცვლის ვადა დღეს, საღამოს 6 საათამდე აქვთ. სწორედ დღეს საღამომდე შეუძლია პაატა ბურჭულაძეს, განახლებული სია წარადგინოს.

აღსანიშნავია, რომ პაატა ბურჭულაძის განცხადებით, შესაძლოა, სახელმწიფო ხალხისთვის გიორგი ვაშაძის პარტიამაც დატოვოს. 

კომენტარები