ოკუპირებული რეგიონები

ოფიციალური თბილისი გმობს ოკუპირებულ რეგიონებში დუმის არჩევნების ჩატარებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას.

უწყების ცნობით, 18 სექტემბერის არჩევნებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 21 საარჩევნო უბანია გახსნილი, ამასთან, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დადგენილებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში ამომრჩევლის სტატუსით დარეგისტრირდა.

„ნიშანდობლივია, რომ მოსკოვმა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, რომელთაც 2011-2012 წლებში არალეგიტიმურად მიაღებინა მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. მეტიც, 2016 წლის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის ისინი შეყვანილ იქნენ რუსეთის ფედერალური ოლქების საარჩევნო სიებში და ხმას მისცემენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რუსეთის შესაბამისი ფედერალური ოლქიდან", - აღნიშნავს საგარეო უწყება.

თბილისი ოკუპირებულ რეგიონებში არჩევნების ჩატარებას მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებად აფასებს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

კომენტარები