ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიმართავს უზენაეს სასამართლოს, საჯაროდ გამოაქვეყნოს თავისი გადაწყვეტილება ტელეკომპანიის საკასაციო სარჩელის დასაშვებობის შესახებ. გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს ქმედება ტერორია ტელეკომპანიის თანამშრომლების და მაყურებლის წინააღმდეგ.
"მივმართავ უზენაესი სასამართლოს იმ შემადგენლობას, რომელმაც ერთი თვის წინ იმავე შინაარსის საქმეზე არამხოლოდ დაუშვა საკასაციო საჩივარი, არამედ გააუქმა გადაწყვეტილება, რომ დროზე მიიღონ კანონით, კონსტიტუციით სწორი და სამართლიანი ერთადერთი გადაწყვეტილება, ნუ გვამყოფებენ მუდმივი ტერორის ქვეშ. ის, რასაც დღეს უზენაესი სასამართლო აკეთებს, არის ტერორი რუსთავი ორის კოლექტივის და მისი მაყურებლის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ვართ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში - როდის მოვა ფოსტით განჩინება, ან პირდაპირ აღმასრულებელი ან კიდევ რაიმე გასამხედროებული ფორმირება იმისთვის, რომ რუსთავი ორი დაიკავოს. ეს არის ტერორი ჩვენი და ჩვენი თანამშრომლების წინააღმდეგ და ამას აკეთებს დღეს უზენაესი სასამართლო. კეთილი ინებოს უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც უკვე დაარღვია კანონი და ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ეს საქმე და და გასაიდუმლოებულ ვითარებაში კი არა, საჯაროდ გამოაქვეყნოს თავისი პასუხი, არ გამოაგზავნოს ფოსტით და გააკეთოს შესაბამისი განმარტებები სასამართლო სპიკერატის მეშვეობით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმე, არა რუსთავი ორისთვის, არამედ ქართული საზოგადოებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და ქვეყანაში დემოკრატიის მომავლისთვის. მოვუწოდებ უზენაეს სასამართლოს, დაემოჩილოს კონსტიტუციას და კანონს, მოიქცეს საღი აზრის ფარგლებში და მაქსიმალური გამჭვირვალობა შესძინოს ამ საქმის განხილვას" - თქვა გვარამიამ.
უკვე ორი დღეა, უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს განიხილავს. განხილვა ზეპირი მოსმენის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მიმდინარეობს.
რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი 13 ივლისს შეიტანეს. ადვოკატების განცხადებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება 10 ივნისს გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა. გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე ნატა ნაზღაიძემ თავად აღნიშნა, რომ მხარე გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა, სასამართლომ მხარეებს გადაწყვეტილება 12 დღეში, 22 ივნისს გაუგზავნა. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეიძლება მისი ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში. რუსთავი 2-ის ადვოკატების შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება მხარეებს ადრე გაუგზავნა, მათ 18 დღე მოჰპარა. მათივე მოსაზრებით, ხელისუფლების დავალებაა, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საჩივარი წარმოებაში არ მიიღოს.





