დემურ სტურუას საქმე

სტურუას დედის ცემაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს

ShutterStock

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დემურ სტურუას დედის ცემაში ბრალდებულ დავით ნაცვლიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასთან ნონა ჯოჯუასთან, მისსავე საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი მივიდა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით. დავით ნაცვლიშვილმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნონა ჯოჯუას შვილს - დავით სტურუას.

დავით ნაცვლიშვილს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება", - აცხადებს პროკურატურა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშში 22 წლის დემურ სტურუამ თავი 8 აგვისტოს ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც სტურუამ თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ "პოლიციელი გოდერძი თევზაძე მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა". 

სასამართლომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ გოდერძი თევზაძე მიმალვაშია.

კომენტარები