არჩევნები 2016

გეგიძე: სააკაშვილის ჩარევა უფრო მაღელვებს, ვიდრე ივანიშვილის მმართველობა

ტაბულა

ქართული ოცნების ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბიძინა გეგიძის თქმით, მას "უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩარევა" უფრო აღელვებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. გეგიძეს ტაბულამ ჰკითხა, ხედავს თუ არა ივანიშვილის მხრიდან არაფორმალური მმართველობის ნიშნებს.

"ვინ აკრიტიკებს, საერთაშორისო ორგანიზაციები? ეს მათი უფლებაა. უნდათ? უნდა აკრიტიკონ ყველა - ბიძინა ივანიშვილიც, გიორგი კვირიკაშვილიც, მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე და ამბობს, რომ "მე საქართველოში ჩამოვალ, არჩევნები ასე უნდა ჩატარდეს და ისე უნდა ჩატარდეს". მაინტერესებს, უცხო ქვეყნის მოქალაქე რომ ერევა საქართველოს არჩევნებში, ამას არ აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები?" - ამბობს გეგიძე.

ტაბულას კითხვაზე, "გაქვთ თუ არა კითხვის ნიშნები არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით", ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი პასუხობს - "თქვენ კითხვის ნიშნები გაქვთ თუ არა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ერევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს პოლიტიკურ პროცესებში? რომ აკრიტიკებენ, ეს კარგია, მაგისთვის არსებობენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მე მაქვს ის კითხვები, უცხო ქვეყნის მოქალაქე რატომ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ეს კითხვა უფრო მაღელვებს".

კითხვაზე, "ბიძინა ივანიშვილის მმართველობასთან არ გაქვთ კითხვები?", ბიძინა გეგიძე კვლავ პასუხობს, რომ "ეს კითხვა უფრო მაღელვებს, მართლა გეუბნებით, გეფიცებით ყველაფერს, უფრო მაღელვებს, უკრაინის მოქალაქე რომ ერევა საქართველოში არჩევნების პროცესში. მართლა გეუბნებით, გულწრფელად, ძაან მაღელვებს. რატომ? კარგია ეს? ბანგლადეშის მოქალაქეები ჩაერევიან ცოტა ხანში, ვენესუელა და ასე შემდეგ".

კითხვაზე, "პირადად შეხვედრიხართ თუ არა ბიძინა ივანიშვილს", ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ამბობს, რომ - "რა უნდა გიპასუხოთ? მე შემიძლია, ჩამოგითვალოთ ძალიან ცნობილი ადამიანები, ვისაც შევხვედრივარ მსოფლიოში, არაქართველები, მათ შორის, ძალიან ცნობილები, მაგალითად, ავსტრალიის პრემიერმინისტრი და ა.შ. მათ შორის კი, შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს".

კითხვაზე, "თუ არის რამე საკითხი, რაზეც შეიძლება, ბიძინა ივანიშვილისგან რჩევები მიიღოთ ან არ მიიღოთ, კონკრტულად, რა სფეროში თვლით ბატონ ბიძინას კომპეტენტურად, რომ მიიღოთ რჩევები", ბიძინა გეგიძე პასუხობს - "რა თქმა უნდა, მე ყველა ადამიანისგან მივიღებ რჩევებს ან არ მივიღებ, რა შუაშია ახლა ეს, მაგაზე არ მიფიქრია, რაზე ვთანხმდები და რაზე ვერ ვთანხმდები ერთ კონკრეტუილ ადამიანთან, ნუ, რა არის, რა კითხვაა ეს, კარგით რა".

ქართული ოცნების ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბიძინა გეგიძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდა. ტაბულამ გეგიძეს კითხვები სწორედ შეხვედრის დასრულების შემდეგ დაუსვა.

კომენტარები