ქოლერა

გაერო აღიარებს, რომ ჰაიტიზე ქოლერის გავრცელებაში წვლილი მიუძღვის

Marcello Casal Jr/ABr - Agência Brasil

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღიარებს, რომ სწორედ მისმა სამშვიდობო ძალებმა გამოიწვიეს ქოლერის მომაკვდინებელი დაავადების გავრცელება კუნძულ ჰაიტიზე 2010 წელს.

ორგანიზაციაში ბრალი მას შემდეგ აღიარეს, რაც ფილიპ ელსონმა, გაეროს მრჩეველმა, ბან კი მუნს შიდა გამოძიების ანგარიში წარუდგინა. New York Times-ის ცნობით, კონფიდენციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქოლერა ჰაიტიზე ვერ გავრცელდებოდა, რომ არა გაეროს სამშვიდობო ძალები.

გასულ წლებში გამოქვეყნდა რამდენიმე დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის შედეგი, რომლებმაც დაავადების წყაროდ ნეპალელი ცისფერჩაფხუტიანები დაასახელეს. თუმცა, აქამდე გაერო უარყოფდა ბრალდებას, ხოლო დაავადების გავრცელებას ჰაიტიში არსებულ გაუმართავ საკანალიზაციო სისტემას უკავშირებდა.

ხუთშაბათს, ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ფარჰან ჰაქმა თქვა, რომ "უკანასკნელი წლების განმავლობაში გაერო დარწმუნდა, რომ მეტი უნდა გააკეთოს დაავადების გავრცელებაში საკუთარი წვლილისა და ამით ათასობით ადამიანის ტანჯვის გამოწვევის საპასუხოდ".

თუმცა, გაერო კვლავ უარს ამბობს გარდაცვლილთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდაზე, მიუთითებს რა თავის დიპლომატიურ იმუნიტეტზე.

ჰაიტიში ქოლერას 10 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლამდე, ერთი საუკუნის განმავლობაში, კუნძულზე ქოლერით დაავადების შემთხვევა არ დაუფიქსირებიათ.

კომენტარები