თავისუფალი დემოკრატების წევრის, ნიკოლოზ ფრუიძის განცხადებით, სამტრედიაში მომხდარ თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სამართალდამცავებს, ისე სახელმწიფოს. მისი შეფასებით, სახელმწიფო "ბოლო ათწლეულებია, არასწორ ნარკოპოლიტიკას ახორციელებს". ფრუიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.
თავისუფალი დემოკრატების წევრის თქმით, უნდა მოხდეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმა, რაც მოიცავს "ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას (დეკრიმინალიზაცია); ნარკოტიკების გამსაღებლების და გამავრცელებლების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას; ერთჯერადი მოხმარების მინიმალური დოზის განსაზღვრას; ნარკოტიკების მოხმარებისათვის და მცირე ოდენობის პირადი მოხმარებისთვის, შეძენა/შენახვისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების დიფერენცირებას (მაგ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა)".
ნიკოლოზ ფრუიძემ ასევე აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს ნარკოდამოკიდებულთა ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა. მისი თქმით, უნდა დაიხვეწოს რეგულაციები და შემუშავდეს მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამების ლეგალური ბაზა.
"უნდა მოხდეს ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრინციპის გათვალისწინებით. ასევე, ხელი უნდა შევუწყოთ სარეაბილიტაციო ცენტრების სისტემის დაფუძნებას. სასჯელაღსრულების სისტემაში უნდა განხორციელდეს მკურნალობის და რეაბილიტაციის სისტემის ცვლილებები, თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით", - თქვა ფრუიძემ და აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მოხმარების საკითხზე აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება.





