სერგეენკო: საჭიროების შემთხვევაში, საყოველთაო ჯანდაცვას თანხები დაემატება

ipress.ge

არჩევნების შემდეგ, მაღალი ალბათობით, 2016 წლის ბიუჯეტის კორექტირება გახდება საჭირო, ამის მიზეზი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტია, რომელიც ხარჯვის ამ ტემპით 7 ნოემბერს ამოიწურება. პროგრამისთვის გათვალისწინებული 570 მილიონიდან 410 მილიონზე მეტი უკვე დახარჯულია. საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი გასული წლის ნოემბერშიც ამოიწურა, რის გამოც პარლამენტმა ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია დაამტკიცა. მაღალი ალბათობით, ახალარჩეულ პარლამენტსაც ბიუჯეტის კორექტირებაზე მოუწევს მუშაობა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ტაბულას კითხვაზე, განმეორდება თუ არა წელს ბიუჯეტის კორექტირება, პასუხობს, რომ თუ პროგრამაზე თანხების დამატება გახდება საჭირო, მისი ბიუჯეტი გაიზრდება.

"შარშანაც ასეთი ფსევდოსაფრთხეები იყო, რომ გაჩერდებოდა საყოველთაო ჯანდაცვა, არ გაჩერდა და ხარვეზების გარეშე გაგრძელდა. წელსაც იქნება იგივე. დანახარჯები გარკვეულ პროგრამებში არ არის წრფივი, არ არის წლიური ბიუჯეტი 12-ზე გაყოფილი. მას აქვს ესეთი პიკური მოთხოვნები. მე შემიძლია დაგიდასტუროთ და დაგიდასტუროთ დოკუმენტირებულად, შარშანაც იგივე კითხვებს ვისმენდი, ათეულობით მოვისმინე ესეთი კითხვა, ათეულობით გავეცი იგივე პასუხი და იგივე პასუხი მექნება წელსაც - თუ საჭირო გახდა, დაემატება. მოცემულობა არის ესეთი, რომ საყოველთაო ჯანდაცვა გაგრძელდება შეუფერხებლად. რაც დასჭირდება მას, იქნება ადმინისტრაციული თუ ფინანსური რესურსები, იქნება განხორციელებული", - ამბობს დავით სერგეენკო.

საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯვის არსებულ ტემპებზე დაყრდნობით, პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 97 მილიონით, 667 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს. უცნობია, თუ რა წყაროებიდან უნდა დაფინანსდეს ბიუჯეტის 100 მილიონით გაზრდა. 

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი გასულ წელსაც არ ეყო. პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. გასულ წელს პროგრამის ბიუჯეტი 566 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს კი მთავრობამ ბიუჯეტით ამაზე მხოლოდ 4 მილიონი ლარით მეტი გაითვალისწინა.

წლის ბოლოს ბიუჯეტის ხარჯების ზრდამ შესაძლოა, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა გამოიწვიოს.

კომენტარები