პენსიონერთა დასაქმება

ხადური პენსიონერთა დასაქმებაზე: ჩვენი მიზანია, თაობებს შორის ზღვარი წავშალოთ

ტაბულა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ პენსიონერთა დასაქმების პროგრამით, ქართული ოცნება თაობებს შორის არსებული ზღვარის წაშლას გეგმავს. მისი თქმით, დღეს ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს შორის დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანი ზღვარია, მთავრობამ კი საკუთარი მუშაობით ეს ზღვარი უნდა გააქროს. ხადური ამ პროგრამასა და არჩევნებს შორის კავშირების არსებობას გამორიცხავს. ნოდარ ხადურმა პენსიონერთა დასაქმების შესახებ ბიზნესკონტრაქტთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"ყველაფრის მიბმა არჩევნებთან არ არის სწორი. ძალიან ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელც გაჟღერებულია და რომელიც იქნება ასახული პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში. ჩვენი ამოცანა და ჩვენი სტრატეგიული ხედვა არის სწორედ ისეთი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ხანდაზმულთა გამოცდილება და წავშალოთ ის ზღვარი, რაც დღეს არსებობს თაობებს შორის. ამ პროგრამის სათაურიც "ცხოვრება გრძელდება", მე ვფიქრობ, კარგად ასახავს მის არსს", - ამბობს ხადური.

მინისტრმა, დღესვე, დასაქმებული და უმუშევარი პენსიონერების აღრიცხვიანობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით არსებულ მონაცემებს დაზუსტება ესაჭიროება. "ჩვენ ამასაც ვანგარიშობთ. ცუდი ის არის, რომ პენსიონერთა ნაწილის დასაქმების აღრიცხვიანობაში გვაქვს გარკვეული პრობლემები", - ამბობს ხადური.

პროგრამის "ცხოვრება გრძელდება" პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგება, იქამდე კი ცნობილია, რომ კომპანიები, რომლებიც პენსიონერებს დაასაქმებენ, სახელმწიფოსგან საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ. საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ თავად დასაქმებული პენსიონერებიც. 

იმის მიუხედავად, რომ მთავრობა პენსიონერთა დასაქმების ზრდაზე ზრუნავს, ეს არ არის ის ჯგუფი, რომელსაც უმუშევრობა ყველაზე მწვავედ აწუხებს. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი დაუსაქმებელი - ახალგაზრდაა. 

საქსტატის ცნობით, საქართველოში ყველაზე მაღალი, 32%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი 20-24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია. ეს კი ნიშნავს, რომ ახალგაზრდების ერთი მესამედი უმუშევარია. 25-29 წლის ჯგუფში უმუშევრობა 20%-ს შეადგენს, უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში კი ეს მაჩვენებელი მცირდება. 60-64 წლამდე (პენსიონერთა) ჯგუფში უმუშევრობის მაჩვენებელი 5%-ია. 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 707 ათასი ადამიანი იღებს ხანდაზმულობის პენსიას. 3.7-მილიონიან საქართველოში პენსიონერები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ ჯგუფს შეადგენენ, ამიტომაც მათი კეთილგანწყობის მოპოვებისთვის წინასაარჩევნოდ ყველა პოლიტიკური პარტია ზრუნავს. შესაბამისად, პენსიებისა და სხვა დახმარებების ზრდის შესახებ დაპირებები არჩევნების წინ მატულობს.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ხანდაზმულთა დასაქმების წახალისების უცხოურ მაგალითებს იხსენებს. მსგავსი პოლიტიკა აქვს პორტუგალიას, სადაც ხანდაზმულთა დასაქმება კანონმდებლობით არის წახალისებული, შესაბამისად - კომპანიებს უფროსი თაობის ადამიანების დასაქმება ურჩევნიათ, მაგრამ პროგრამის შედეგად ქვეყანაში ახალგაზრდების უმუშევრობა 8%-ით გაიზარდა.

კომენტარები