საკონსტიტუციო სასამართლო

კორძაია მოსამართლეებზე ზეწოლაზე: კონკრეტულმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ

თამარ კორძაია
ტაბულა

რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე ხელისუფლება, პროკურატურა სრულად უნდა იყვნენ კონცენტრირებული და დამნაშავეები დაისაჯონ.

"მთელი პროკურატურისა და სახელისუფლებო რესურსი ამაზე უნდა იყოს ახლა კონცენტრირებული. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იმუნიტეტის მქონე ადამიანი ქვეყანაში და როდესაც მის მიმართ შეიძლება, მსგავსი ტიპის კანონდარღვევას ჰქონდეს ადგილი, განგაშის საფუძველია. მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების დაწყებით და საკითხით დაინტერესებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, საზოგადოებამ უნდა ნახოს პასუხისგება. კონკრეტულმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ აუცილებლად", - ამბობს კორძაია.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. "მოსამართლეებს აშანტაჟებენ, რომ მათი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების კომერციულ საქმიანობას შეავიწროებენ, რომ მათ ახლო ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით. ასევე, ემუქრებიან პირადი ხასიათის, ძირითადად ფალსიფიცირებული ინფორმაციის გასაჯაროებით. ყველა ეს ფაქტი უკავშირდება მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებს, რომლებიც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები