საკონსტიტუციო სასამართლო

პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უწყებაში იბარებს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად უწყებაში იბარებს. 

"საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

გიორგი პაპუაშვილის მიერ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - წერია განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. "მოსამართლეებს აშანტაჟებენ, რომ მათი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების კომერციულ საქმიანობას შეავიწროებენ, რომ მათ ახლო ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით. ასევე, ემუქრებიან პირადი ხასიათის, ძირითადად ფალსიფიცირებული ინფორმაციის გასაჯაროებით. ყველა ეს ფაქტი უკავშირდება მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებს, რომლებიც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები