მსოფლიო

ამერიკა და ჩინეთი — XXI საუკუნის საზღვაო პაექრობა

დღევანდელ მსოფლიოში აქტიური საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. ქართულ საინფორმაციო სივრცეში, რუსეთთან დაკავშირებულ ამბებთან ერთად, ძირითადი ყურადღება ექცევა ახლო აღმოსავლეთს, ჯიჰადისტურ მოძრაობასა და ტერორიზმს. ეს ბუნებრივია საქართველოს პრობლემების და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით. თუმცა, ობიექტურად, პირველი ადგილი თავისი გლობალური მნიშვნელობით დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში სხვა პრობლემას უკავია. ეს არის მასშტაბური გეოპოლიტიკური ჭიდილი ერთი მხრიდან ჩინეთს და მეორე მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რამდენიმე სხვა სახელმწიფოს შორის, რომელიც უკავშირდება სამხედრო-პოლიტიკურ კონტროლს მსოფლიოს ძირითად საზღვაო გზებზე.

მას შემდეგ, რაც XVI საუკუნეში დაიწყო თანამედროვე გლობალური საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბება, კონტროლი საზღვაო გზებზე გახდა ეკონომიკური და, შესაბამისად, პოლიტიკური ლიდერობის მომტანი ფაქტორი. მსოფლიო ვაჭრობის უმეტესი ნაწილი სწორედ ზღვით მიმდინარეობს. ასე იყო ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე და ასეა დღესაც. შესაბამისად, ძალიან ბევრი სახელმწიფო, ყველაზე განვითარებული ქვეყნების ჩათვლით, მათთვის საჭირო უცხოური რესურსების იმპორტს ზღვით ახორციელებს. კუნძულოვანი ქვეყნები, მაგალითად, ბრიტანეთი და იაპონია, სულაც 100%-ით არიან ზღვაზე დამოკიდებული საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით. ინდუსტრიული წარმოების ზრდასთან ერთად, განვითარებულმა ქვეყნებმა დაიწყეს საკუთარი პროდუქციის მასობრივი ექსპორტი უცხოურ ბაზრებზე. ამან კიდევ უფრო გაზარდა მათი დამოკიდებულება საზღვაო გზებზე.

ამ დამოკიდებულების შედეგად, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების კეთილდღეობა და უსაფრთხოება საფრთხეში ვარდება, თუკი ისინი თავისუფლად ვეღარ სარგებლობენ იმ საზღვაო მარშრუტებით, რომლებსაც ვაჭრობისთვის იყენებენ. ამის გამო, უპირატესი საზღვაო სამხედრო ძალის მქონე სახელმწიფოს აქვს მოწინააღმდეგის ეკონომიკური მოხრჩობის საშუალება. ბრიტანეთს არაერთხელ მოუხდენია ამ ფაქტის პრაქტიკული დემონსტრირება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რუკაზე არის რამდენიმე წერტილი, რომელზეც საზღვაო მარშრუტების ძალიან დიდი ნაწილი გადის. მაგალითად: გიბრალტარის სრუტე, სუეცის არხი, მალაკის სრუტე, პანამის არხი.

საზღვაო გზების ასეთი კრიტიკული მნიშვნელობის გამო, ბრძოლა მათზე კონტროლისთვის გაჩაღდა მაშინვე, როგორც კი XVI საუკუნეში დაიწყო გლობალური საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბების პროცესი. რამდენიმე სახელმწიფო ჩაერთო და, რიგრიგობით, დამარცხდა ამ ბრძოლაში - ოსმალეთი (ინდოეთის ოკეანეში პორტუგალიასთან ჭიდილში), პორტუგალია, ნიდერლანდები, ესპანეთი, დაბოლოს - საფრანგეთი. ნაპოლეონის ომების დასასრულისთვის, ბრიტანეთი უპირობოდ აკონტროლებდა მსოფლიოს საზღვაო გზებს და, შესაბამისად, იყო გლობალური ლიდერი.

ამ კომფორტულ მდგომარეობაში ბრიტანეთმა გაატარა XIX საუკუნე. XX საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების და გერმანიის ეკონომიკურმა განვითარებამ მათ მისცა მატერიალური საშუალებაც და სტრატეგიული მოტივაციაც, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ ბრიტანეთის უპირობო საზღვაო ლიდერობა. ორი მსოფლიო ომის პროცესში ბრიტანეთმა მოიგერია გერმანული გამოწვევა ამერიკის მხარდაჭერით და შეეგუა ბრიტანული პერსპექტივიდან შეუდარებლად უფრო სანდო აშშ-ის გლობალურ ლიდერობას. ამავდროულად, ამერიკელებმა მოუგეს მასშტაბური საზღვაო ომი იაპონიას, რომელმაც 1930-იანი წლებისთვის ასეთი ომისთვის საკმარისი საზღვაო სამხედრო ძალა განავითარა. 1945 წლიდან დღემდე ამერიკა აკონტროლებს მსოფლიოს საზღვაო გზებს ისევე უპირობოდ, როგორც ბრიტანეთი აკონტროლებდა მათ 1815 წლის შემდეგ.

XXI საუკუნის დასაწყისში ჩინეთი გახდა მსოფლიოს მე-2 ეკონომიკა. მისი საზღვაო ვაჭრობის მასშტაბი უზარმაზარია და ჩინური ეკონომიკისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს. შესაბამისად, ჩინეთის კეთილდღეობა და უსაფრთხოება აბსოლუტურად დამოკიდებულია საზღვაო გზებით თავისუფალ სარგებლობაზე. ამერიკული საზღვაო ძალა იცავს ამ საზღვაო გზების უსაფრთხოებას არა მხოლოდ თავად შეერთებული შტატებისთვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისთვისაც. თუმცა, ისევე, როგორც გერმანია არ ენდობოდა ბრიტანეთის კეთილ ნებას XX საუკუნის დასაწყისში, ამჟამად ჩინეთი არ ენდობა შეერთებულ შტატებს. მისთვის მიუღებელია თავისი უსაფრთხოების დამოკიდებულება ამერიკის კეთილ ნებაზე. აქედან გამომდინარე, ჩინეთმა დაიწყო საკუთარი საზღვაო სამხედრო ძალის ძალიან აქტიური განვითარება.

გლობალური მასშტაბით მოქმედების უნარის მქონე საზღვაო სამხედრო ძალა შედგება ორი ელემენტისგან: 1) საკუთრივ ფლოტი, ანუ სამხედრო ხომალდები; 2) ამ ხომალდების მხარდასაჭერად აუცილებელი ბაზები, რომელიც უნდა მდებარეობდეს ფლოტის სავარაუდო მოქმედების რეგიონებში და ამ რეგიონებთან დამაკავშირებელი საზღვაო გზების გასწვრივ.

სამხედრო ფლოტს ჩინეთი აქტიურად აძლიერებს. ის კვლავაც ძალიან შორსაა იმისგან, რომ ამერიკულ სამხედრო ფლოტს გაუტოლდეს, მაგრამ ჩინურ პოლიტიკურ ელიტას ახასიათებს გრძელვადიანი სტრატეგიული აზროვნება, რომელიც შეიძლება გათვლილი იყოს ათწლეულების შემდეგ მისაღწევ შედეგზეც.

რაც შეეხება მეორე - საზღვაო ბაზების - კომპონენტს, ჩინეთი ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. ის დაუახლოვდა ინდოეთის ოკეანის სანაპიროს მქონე რამდენიმე სახელმწიფოს, სადაც დაიწყო პორტების განვითარება. ამ ეტაპზე ეს პროცესი ფორმალურად კომერციულ მიზნებს ატარებს, მაგრამ მომავალში ამ ჩინურმა პორტებმა შესაძლოა სამხედრო ხომალდების ბაზების ფუნქციაც შეასრულონ. დღეისთვის ასეთი პორტების განვითარება მიმდინარეობს მიანმარში, ბანგლადეშში, შრი-ლანკასა და ჩინეთის ახლო მოკავშირე პაკისტანში. შესაძლოა ამ ჩამონათვალს სხვა სახელმწიფოებიც დაემატოს. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკურ ლიტერატურაში ამ პორტების აღსანიშნავად სპეციალური ტერმინიც დამკვიდრდა - ჩინური „მარგალიტების აცმა“ (String of Pearls).

ამის გარდა, ჩინეთმა მიაღწია შეთანხმებას ჯიბუტისთან ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში საზღვაო ბაზის განლაგების თაობაზე. თანაც ამ შემთხვევაში საუბარი ობიექტის სამხედრო ხასიათზე თავიდანვე ღიად დაიწყო. დღეისთვის ჯიბუტიში ჩინური სამხედრო ბაზის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

ინდოეთის ოკეანეში საზღვაო ბაზების განვითარების პროცესი გრძელვადიანია. მასზე უფრო უშუალო შედეგები აქვს ჩინეთის მცდელობას, თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს სამხრეთ ჩინეთის ზღვა. ჩინეთის მიზანია, დაამყაროს კონტროლი ამ ზღვაში განლაგებულ სპარტლის კუნძულებზე და, ამის საფუძველზე, გამოიყენოს ტერიტორიული წყლების და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები სამხრეთ ჩინეთის ზღვის გასაკონტროლებლად.

ხსენებული ზღვა წარმოადგენს ერთ-ერთ შესასვლელს მალაკის სრუტეში. ამ ზღვაზე კონტროლი ასევე ნიშნავს ფაქტობრივ კონტროლს მალაკის სრუტეზე გამავალი საზღვაო მიმოსვლის უდიდეს ნაწილზე. მალაკის სრუტეზე გადის მთელი გლობალური ვაჭრობის 25%, მათ შორის, ზღვით ტრანსპორტირებული ნავთობის 25%. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე წერტილი.  

ამჟამად, ჩინეთი სპარტლის კუნძულებზე საჰაერო ბაზებს აშენებს და აქტიური საზღვაო პატრულირებით ცდილობს გააძლიეროს საკუთარი პოზიციები ამ კუნძულებზე პრეტენზიების მქონე სხვა სახელმწიფოთა ხარჯზე. ასეთები არიან, უპირველეს ყოვლისა, ფილიპინები, ვიეტნამი და მალაიზია.

ჯამში გამოდის, რომ ჩინეთი ერთდროულად: 1) აძლიერებს სამხედრო ფლოტს; 2) ცდილობს კონტროლის მოპოვებას სხვადასხვა საკვანძო სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საზღვაო პოზიციებზე. დროთა განმავლობაში ამ ძალისხმევამ შეიძლება ჩინეთს მოუპოვოს უნარი, გააკონტროლოს მისთვის მნიშვნელოვანი საზღვაო სავაჭრო გზები. პრობლემა ის არის, რომ საკუთარი საზღვაო გზების დაცვის უნარის გარდა, ეს ასევე მისცემს ჩინეთს საშუალებას, საფრთხე შეუქმნას სხვა სახელმწიფოთა საზღვაო მიმოსვლას, თუკი ის ამას საჭიროდ ჩათვლის.

ჩინეთის მიერ ამგვარი მდგომარეობის მიღწევა საფრთხეს შეუქმნიდა აშშ-ის გლობალურ ლიდერობას და ეროვნულ უსაფრთხოებას. ერთი მხრივ, ეს დაარღვევდა აშშ-ის მონოპოლიას საზღვაო სამხედრო დომინირებაზე, რომელზეც დაფუძნებულია ამერიკის უნიკალური პოზიცია დღევანდელ საერთაშორისო სისტემაში. მეორე მხრივ კი, გააქარწყლებდა საკუთარი საზღვაო გზების უსაფრთხოების უპირობო გარანტიას, რომელიც აშშ-ს ამჟამად გააჩნია. ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენებისგან განსხვავებით, ჩინეთის გეოსტრატეგიამ შესაძლოა რეალურად დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ ამერიკის გლობალური ლიდერობა XXI საუკუნის განმავლობაში.

არ არის გასაკვირი, რომ აშშ წინააღმდეგობას უწევს ჩინეთის ამ სტრატეგიას, ობამას მეტად „თავშეკავებული“ ადმინისტრაციის პერიოდშიც კი. 2011 წლის ბოლოს და 2012 წელს ამერიკის ხელმძღვანელობამ მიანიშნა, რომ მათი სტრატეგიული ძალისხმევის მთავარი მიმართულება თანდათან აღმოსავლეთი აზია გახდება. ეს გადაწყვეტილება ახალი ტერმინით აღინიშნა - Pivot to Asia. პრაქტიკულ მოქმედებებს რაც შეეხება, ამერიკული სამხედრო ხომალდები და თვითმფრინავები ახორციელებენ სამხრეთ ჩინეთის ზღვის პატრულირებას, რათა ჩინეთმა ვერ შეძლოს იქ საკუთარი ტერიტორიული პრეტენზიების იურიდიულად დამკვიდრება. აშშ ასევე ახორციელებს ჩინეთის ადგილობრივი ოპონენტი სახელმწიფოების დიპლომატიურ და მატერიალურ მხარდაჭერას. ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში არსებობს პარტიათაშორისი კონსენსუსი ჩინეთის ამბიციებისთვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობის შესახებ. რესპუბლიკელი ლიდერები რეგულარულად აკეთებენ ამგვარი შინაარსის განცხადებებს. მარკო რუბიომ, რომელიც 2016 წლის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის საგარეო პოლიტიკის შესახებ ყველაზე გააზრებული განცხადებებით გამოირჩეოდა, ჩინეთის საკითხს პრიორიტეტი მიანიჭა სხვა საგარეო საფრთხეებთან შედარებით.

ამერიკა არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ჩინეთის მოქმედებებს საფრთხედ მიიჩნევს. იაპონია ტოტალურად არის დამოკიდებული საზღვაო მიმოსვლაზე. ჩინეთის გავლენის ზრდა აზიის ძირითად საზღვაო გზებზე იაპონიისთვის სტრატეგიულ კოშმარს წარმოადგენს. ინდოეთის ოკეანეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინდოეთისთვისაც, და იქ ჩინეთის საზღვაო სამხედრო ძალის დამკვიდრება მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. რეგიონის საზღვაო გზების უსაფრთხოება ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავსტრალიასა და სინგაპურისთვის. ხოლო ფილიპინების, ვიეტნამისა და მალაიზიის შემთხვევაში, ჩინეთი უშუალო ტერიტორიულ საფრთხეს წარმოადგენს.

ლოგიკურია, რომ ბოლო წლებში, ჩამოთვლილ სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა განვითარდა. ტარდება საერთაშორისო საზღვაო სამხედრო წვრთნები აშშ-ის, იაპონიის, ინდოეთის, ავსტრალიისა და სინგაპურის მონაწილეობით. განვითარდა პირდაპირი ორმხრივი პარტნიორობა იაპონიას და ინდოეთს შორის. ინდოეთი უწევს მატერიალურ დახმარებას ვიეტნამს, ხოლო იაპონია - ვიეტნამს და ფილიპინებს. ამავდროულად, ყველა ეს სახელმწიფო აძლიერებს თავის სამხედრო ფლოტს.

ჯამში, მიმდინარეობს მასშტაბური გეოპოლიტიკური თამაში, რომელიც მოიცავს ინდოეთის ოკეანის და წყნარი ოკეანის დასავლეთი ნაწილის ზღვისპირა ქვეყნებს. მართალია, დღეს ეს ჭიდილი არაა რუტინულად სისხლიანი, როგორც ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ბრძოლა, მაგრამ ფსონები არის ძალიან მაღალი, ხოლო რესურსები, რომელიც ამ ჭიდილის ფარგლებში იხარჯება - უზარმაზარი: საზღვაო სამხედრო ძალა ყველაზე ძვირადღირებულია სამხედრო ძალის სახეობათა შორის. არსებობს საერთაშორისო კრიზისის წარმოშობის რეალური რისკი. ასეთი კრიზისი შეიძლება მოხდეს სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულების, იაპონიასა და ჩინეთს შორის სადავო სენკაკუს კუნძულების ან ტაივანის გამო. სრულიად შესაძლებელია, რომ მან გამოიწვიოს პირდაპირი ომი დიდ სახელმწიფოებს შორის - პირველად 1953 წლის შემდეგ.

დიდ სახელმწიფოთა შორის პირდაპირი ომის დაწყებისთვის ეს შეიძლება ბევრად უფრო რეალისტური სცენარი აღმოჩნდეს, ვიდრე ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე თუ მომავალში მოსალოდნელი კრიზისები. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს გეოპოლიტიკური პაექრობა ინდოეთის და წყნარი ოკეანეების რეგიონში შედარებით მშვიდობიანად წარიმართება, მას ექნება ბევრი თვალსაზრისით გადამწყვეტი გავლენა XXI საუკუნის ისტორიაზე. მასში ჩართულნი არიან მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკების მფლობელი სახელმწიფოები, რომლებიც გადამწყვეტი გლობალური მნიშვნელობის მქონე მიზნებისთვის იბრძვიან.

კომენტარები