პროკურატურა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

მთავარი პროკურატურა ცენტრ პოინტის საქმეზე ბრალდებული სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. ბრალდების მხარემ შესაბამისი შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. პროკურატურის განმარტებით, სალომე ჩარკვიანს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი განესაზღვრება. უწყების განცხადებითვე, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით სალომე ჩარკვიანმა თბილისის პროკურატურას თავად მიმართა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2016 წლის 10 ივლისს, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი"-ს ფილიალის, „ცენტრ პოინტ აჭარა"-ს ყოფილი დირექტორი სალომე ჩარკვიანი სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით.

სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2016 წლის 12 ივლისს შეეფარდა. 15 ივლისს, მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით სალომე ჩარკვიანმა განცხადებით მომართა ქ. თბილისის პროკურატურას.

განცხადების განხილვისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა რიგი გარემოებები. კერძოდ: სალომე ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისცა საქმის რეალური გარემოებების ამსახველი ობიექტური ჩვენება. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია.

პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულებმა მათთან გავლილი წერილობითი კონსულტაციების დროს დააფიქსირეს თანხმობა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი. ზემოხსენებული შუამდგომლობით ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

სალომე ჩარკვიანი ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორ ირაკლი მინდელთან ერთად დააკავეს. მათ და კომპანიის დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ (გუკა) რჩეულიშვილზე ძებნა გამოცხადდა. ამის შემდეგ, რჩეულიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ სამი ადამიანი მის გამო დაიჭირეს. ის სამართალდამცველებისთვის ჩაბარებას გეგმავდა, თუმცა, პროკურატურამ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავა.

კომენტარები