რუსთავი ორის გენერალური დირექტორი მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს, ნუ გახდება დაკვეთის შემსრულებელი და გადაარჩინოს ქვეყანაში დემოკრატია. საგანგებო ბრიფინგზე გვარამიამ აღნიშნა, რომ უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი გუშინ შეიტანეს.
"ჩავაბარეთ საკასაციო საჩივარი სრული რწმენით იმისა, რომ პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო, დაუსაბუთებელი და არაფერი აქვს საერთო სამართლიან სასამართლოსთან. ორივე ინსტანციაში ჩვენი პრაქტიკულად ყველა საპროცესო უფლება იქნა დარღვეული. ამის ლოგიკური შედეგი იყო ორივე ინსტანციის აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილებაა, რაც ეფუძნება არამხოლოდ პროცესუალურ დარღვევებს, არამედ შინაარსობრივ უსწორობას და უკანონობას. გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო თავისი უკანონობის მასშტაბით, შესაბამისად აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს. ამიტომაც, მოვუწოდებთ უზენაეს სასამართლოს, ნუ გახდება დაკვეთის შემსრულებელი, ისე როგორც მისი წინამორბედი ორი ინსტანცია, გადაარჩინოს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და რაც მთავარია, გადაარჩინოს ქვეყანაში მართლმსაჯულება და საერთო სასამართლოების რეპუტაცია, რაც მიწასთან გაასწორა პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ. ეს მათ მოახერხეს ერთადერთი სამოქალაქო საქმის ფარგლებში, საქმისა, რომელსაც რუსთავი ორის საქმე ჰქვია" - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ საკასაციო ინსტანციაში რუსთავი 2-ის შეტანილი სარჩელი ემყარება დასაშვებობის ოთხივე კრიტერიუმს.
"მნიშვნელოვანია, მხოლოდ პირველი ეტაპი გავიაროთ და დავიწყოთ მსჯელობა გადაწყვეტილების უკანონობაზე. უმნიშვნელოვანესია, რომ მინიმალური ბარიერი მაინც დავძლიოთ და უზენაესმა სასამართლომ ის მაინც არ გვითხრას, რომ საერთოდ განხილვის ღირსიც არ არის ჩვენი სარჩელი" - თქვა ტელეკომპანიის დირექტორმა.
ნიკა გვარამიამ მიმართა საკასაციო ინსტანციას და აღნიშნა, რომ სწორედ უზენაესი სასამართლო წყვეტს ქვეყანაში დემოკრატიის ბედს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ბედს, ასევე, საქართველოში სამოქალაქო მშვიდობის ბედს.
"ყველა პროცესი, რომელიც ინიცირებული იქნება თქვენი უკანონო გადაწყვეტილებით, იქნება თქვენს სინდისზე და თქვენს სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. ისევე, როგორც თქვენი წინამორბედი მოსამართლეების სამართლებრივი საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია. აქ მხოლოდ დისციპლინურ პასუხისმგებლობას არ ვგულისხმობ, არამედ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. ნუ შეუერთდებით თქვენს იმ კოლეგებს, ვინც დაასამარა სასამართლო, ვინც თავისი გადაწყვეტილებით შანსი არ მისცა ქართულ დემოკრატიას და გამოხატვის თავისუფლებას და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს სამოქალაქო სტაბილურობა და სიმშვიდე. ნუ გაიზიარებთ მათ ბედს" - განაცხადა გვარამიამ.





