რუსთავი 2-ის საქმე

TV საქართველომ და R2-ის მფლობელებმა უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანეს

ტელეკომპანია რუსთავი 2

შპს ტელეკომპანია საქართველომ და რუსთავი 2-ის მფლობელებმა (გიორგი და ლევან ყარამანიშვილებმა) უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანეს. ადვოკატების განცხადებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის.

„მოცემულ საქმეზე სახეზეა არათუ ერთ-ერთი, არამედ კანონით გათვალისწინებული ამ საქმისთვის რელევანტური უკლებლივ ყველა - ოთხივე საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილი: არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი: საკასაციო საჩივარი ქონებრივ და არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე", - აცხადებენ ადვოკატები.

სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება 10 ივნისს გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე ნატა ნაზღაიძემ თავად აღნიშნა, რომ მხარე გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა, სასამართლომ მხარეებს გადაწყვეტილება 12 დღეში, 22 ივნისს გაუგზავნა. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეიძლება მისი ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში. რუსთავი 2-ის ადვოკატების შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება მხარეებს ადრე გაუგზავნა, მათ 18 დღე მოპარა. მათივე მოსაზრებით, ხელისუფლების დავალებაა, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საჩივარი წარმოებაში არ მიიღოს. 

კომენტარები