2016 წლის ივნისში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტის სახით $167.9 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. ივნისში იმპორტი კი რეკორდულად მაღალი - $1.46 მილიარდი იყო. მეტიც, საქართველოში ყოველთვიური იმპორტი 2011 წლის შემდეგ ასეთი მაღალი არ ყოფილა. ივნისის საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია საქსტატის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.
ლარი ივნისში მკვეთრად გაუფასურდა, პირველ ივნისს ერთი დოლარი 2.14 ლარი ღირდა, 30 ივნისს კი მისი ღირებულება 2.32 ლარს შეადგენდა. სავარაუდოდ, ამ გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ექსპორტის კლება და იმპორტის ზრდა იქნებოდა. იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების უმთავრესი წყაროა, ექსპორტი კი სავალუტო შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. იმპორტის ზრდა და მის პარალელურად ექსპორტის შემცირება ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ვალუტის მოთხოვნას გაზრდიდა, რის გამოც ლარს ამ მიზეზით გაუფასურების ტენდენცია ექნებოდა.
ყველა ტიპის იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინებას არ იწვევს
ექსპორტისგან განსხვავებით იმპორტის სტატისტიკა შეიძლება უფრო დამაბნეველი იყოს, რადგანაც აქ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ტიპის იმპორტზეა საუბარი. მაგალითად, იმპორტი შეიძლება იყოს ივნვესტიციებით გამოწვეული და ის რეალურად ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას არ იწვევდეს. თუკი ინვესტორი ჰესს აშენებს და მან ქვეყანაში შემოიტანა ჰესის ტურბინები, ეს ერთი მხრივ იმპორტს გაზრდის, თუმცა, მეორე მხრივ, ეს ტურბინები ინვესტიციებად ჩაითვლება და ის კურსზე გავლენას ვერ მოახდენს. იმპორტის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას არ იწვევს, C ჰეპატიტის მედიკამენტებია. საქართველო აშშ-ისგან გრანტით, სრულიად უფასოდ იღებს ახალი თაობის C ჰეპატიტის მედიკამენტებს, რომელთა ღირებულებაც ჯამში $2 მილიარდს აღემატება. ეს მედიკამენტები საქართველოს საზღვარზე შემოსვლისას იმპორტად ფიქსირდება, თუმცა მათ სანაცვლოდ ქვეყნიდან უცხოური ვალუტა არ გაედინება. შესაძლოა, ივნისში იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ამ მედიკამენტების ახალი პარტიის შემოტანა ან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დეტალების შემოტანა გამხდარიყო.
რა ხდება ახლა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული რიცხვები ექსპრესმონაცემებია, ეს კი ნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საქონლის ექსპორტი შემცირდა და რა საქონლის იმპორტი გაიზარდა. ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ კი უფრო ზუსტად გაირკვევა, თუ რა გავლენა ჰქონდა ივნისში საგარეო ვაჭრობის მონაცემებს ლარის კურსზე.
საქსტატი დაზუსტებულ მონაცემებს 19 ივლისს გამოაქვეყნებს.





