აჰმედ ჩატაევის საქმე

ლორთქიფანიძე: ალბათ ჩატაევი მთავრობას შეპირდა, რომ ჩვენზე ჩვენებებს მისცემდა

ipress.ge

"ალბათ ჩატაევი ხელისუფლებას შეპირდა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ჩემ წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებებს", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ The Daily Beast-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ლორთქიფანიძის თქმით, აჰმედ ჩატაევი თავდაპირველად ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტურ იატაკქვეშეთის დაჯგუფებებთან მოდერატორის ფუნქციას ასრულებდა.

"რამდენიმე წლის წინ ჩატაევი ავიყვანე, რომელიც კარგი ინფორმატორი და მომლაპარაკებელი იყო ჩვენსა და ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტურ იატაკქვეშეთის დაჯგუფებებს შორის. მისი დახმარებით საქართველოში რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა აღვკვეთეთ", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძის თქმით, ერთ წელიწადზე მეტი ის ინფორმატორის მუშაობით კმაყოფილი იყო, თუმცა შემდგომ ჩატაევმა მათ წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო და ის დააკავეს.

"2012 წლის აგვისტოში, საქართველოს გავლით რუსეთში გადადიოდა შეიარაღებული რადიკალური დაჯგუფება, ჩატაევმა თქვა, რომ ის მუსულმანი იყო და თავის ძმებს ვერ მიატოვებდა", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძის თქმით, ჩატაევის ციხიდან გაშვება დიდი შეცდომა იყო.

"პრობლემა ის იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა და რამდენიმე თვეში ახალმა ხელისუფლებამ ჩატაევი გაათავისუფლა და მასზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა. ალბათ ჩატაევი მათ შეპირდა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ჩემ წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებებს. ივანიშვილის მთავრობამ ჩატაევი ციხიდან გაუშვა, რაც დიდი შეცდომა იყო. მე ვამბობ, რომ ტერორთან ბრძოლა და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ", - განაცხადა ლორთქიფანიძემ

REUTERS თურქულ სამთავრობო გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევია.

რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთიდან, აჰმედ ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელს იარაღის უკანანო შეძენა-შენახვის ბრალდებით ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დააკავა.

2012 წლის დეკემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აჰმედ ჩატაევი ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი პროკურატურამ მასზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა. ჩატაევი მალევე გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა.

2015 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჰმედ ჩატაევი გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩატაევი ავსტრიიდან სირიაში გაემგზავრა, სადაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ დაჯგუფებას ჩაუდგა სათავეში.

 

 

კომენტარები