საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველიძე თეა წულუკიანის ბრძანებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და ოპოზიციის ბრალდებებს ცრუ განგაშს უწოდებს. ცნობისთვის, დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ახალი ამომრჩევლის შექმნაში დაადანაშაულეს.
მიხეილ სარჯველიძის განმარტებით, საქმე ეხება 27 მაისს ორგანულ კანონში მოქალაქეობის შესახებ შეტანილ ცვლილებას, რომელშიც საუბარია თვითმმართველობებში შექმნილ 5-კაციან კომისიებზე. მისი თქმით, კომისიები იმუშავებენ მოქალაქეობის დადგენისთვის საჭირო ერთ-ერთ კომპონენტზე, რომელიც არის საქართველოში გარკვეული პერიოდით ცხოვრება.
„ოპოზიციის განცხადება ძალიან გაჯერებულია მცდარი ინფორმაციით, მცდარი შეხედულებებით და ემსგავსება ხელოვნურად შექმნილ ცრუ განგაშს, რომელსაც რეალურთან არ აქვს საერთო. მე მინდა ვთქვა, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი გამომდინარეობს მიმდინარე წლის 27 მაისს ორგანულ კანონში მოქალაქეობის შესახებ შეტანილი ცვლილებებიდან. მოქალაქეობის მინიჭების წესი გახლავთ უცვლელი. სხვაობა შევიდა მხოლოდ იმაში, რომ ამ გზით, პირს მოქალაქეობის დადგენისთვის გარკვეული პერიოდით საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამტკიცების შესაძლებლობა მიეცემა", - თქვა მიხეილ სარჯველიძემ.
ცნობისათვის, დღევანდელ ბრიფინგზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი აბესაძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის 23 ივნისის ბრძანებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობის ორგანოებს უფლება ენიჭებათ, მოქალაქის განცხადების გარეშე, თავად იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გასცენ პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ცნობა. აბესაძის შეფასებით, ეს ბრძანება საარჩევნო ხმებით მანიპულაციას ემსახურება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თინა ბოკუჩავას განცხადებით კი, ქართული ოცნება თეა წულუკიანის მიერ დაკომპლექტებული 5-კაციანი კომისიების მეშვეობით, ცდილობს ახალი ამომრჩევლის შექმნას. მისივე თქმით, კომისიები დაკომპლექტებული იქნება თვითმმართველობის ქართული ოცნების მიმართ ლოიალური წარმომადგენლებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 23 ივნისის ბრძანებით, შეიქმნა პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია. კომისია ადგენს პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტს და გასცემს შესაბამის ცნობას. საკითხის განხილვას კომისია იწყებსდაინტერესებული პირის განცხადების ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე. ცნობა გადაეცემა უშუალოდ დაინტერესებულ პირს ან მის წარმომადგენელს, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან დაინტერესებული პირის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე სააგენტოს უფლებამოსილ პირს, როდესაც ფაქტის დადგენის ინიციატორია სააგენტო.





