საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც საარჩევნოდ პარტიებს შორის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებას ეხება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი 80 ხმით მიიღეს.
ცვლილების თანახმად, ფართოვდება იმ სუბიექტთა წრე, რომლებსაც უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ. კერძოდ, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. ამასთან, მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა არ იზრდება.
არასაპარლამენტო ოპოზიცია კი, პრეზიდენტისგან უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვს. ამის შესახებ მათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადეს. პარტიები ხელისუფლებას სარეკლამო დროის განაწილების შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. მათ პოზიციას იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც მიაჩნიათ, რომ სარეკლამო დროის განაწილების ახალი წესი უსამართლოა და ოპოზიციური პარტიებისთვის გამოყოფილ დროს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამავე პოზიციას იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის მოთხოვნას უკვე უპასუხეს და განაცხადეს, რომ მარგველაშვილი მათთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავს.
„პრეზიდენტი აღნიშნულ ორგანიზაციებს უახლოეს დღეებში შეხვდება, სადაც ყველა საკითხი დეტალურად იქნება განხილული", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.
უფასო სარეკლამო დროის შესახებ კანონპროექტი რესპუბლიკელების მიერ არის ინიცირებული.





