საქართველო-ევროკავშირი

ტუსკი კორცხელზე: მთავრობამ უნდა იზრუნოს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. შეხვედრა ევროპული საბჭოს სათავო ოფისში გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად ეწვია. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება.

"ჩვენ ვხედავთ პროგრესს ჩვენს ურთიერთობებში. ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება საქართველოს მიერ რეფორმათა გაგრძელებების მყარ საფუძვლად უნდა იქცეს, ესაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება. მოხარული ვარ გამცნოთ, რომ პირველი ივლისიდან საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება სრულად შევა ძალაში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და მის ფონზე ახლახან მომხდარ ძალადობრივ ინციდენტზე, რომლის დროსაც პარლამენტის ოპოზიციური ძალის დეპუტატები და მათი მხარდამჭერები დაშავდნენ. კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით მე ეჭვებს გამოვთქვამ, კარგი ამბავია, რომ დამნაშავეებს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ცხადია, რომ ახლა მთავრობისა და სამართალდამცავების სრული ყურადღება უნდა იყოს მიპყრობილი იქითკენ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნები სამართლიან ვითარებაში ჩაივლის. დემოკრატიული არჩევნებისთვის თავისუფალი მედიის არსებობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ბოლო საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ, იყო ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეთათვის. როგორც იცით, გასულ დეკემბერს ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა უკლებლივ ყველა მოთხოვნა, რაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაგვაჩნდა. იმედს გამოვთქვამ, რომ ვიზალიბერალიზაციის საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება მალე გამოცხადდება. კომისიის წინადადება, რომ დავუშვათ ქართული პასპორტის მქონე პირები უვიზოდ შენგენის შეთანხმების ზონაში, ამჟამად ევროპარლამენტისა და ევროპული კომისიის მიერ განიხილება", - განაცხადა ტუსკმა.

კომენტარები