ლიბერთი ბანკი

ლიბერთი ბანკი მის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლიბერთი ბანკი

ლიბერთი ბანკი იყიდება, მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი სავარაუდოდ კომპანია Hunnewell Partners გახდება. ბანკი მისი გაყიდვის პროცესს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ კარგი ფინანსური შედეგებიდან გამომდინარე, ინვესტორთა დაინტერესება გასაკვირი არაა.

"ბანკი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას. ცოტა ხნის წინ ბანკმა 2016 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ბანკი მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს (წმინდა მოგება - 7.8 მილიონი ლარი, ROAE - 23.05% გაწლიურებული, ROAA - 2.03% გაწლიურებული). ბანკის სტაბილურად კარგი შედეგებიდან გამომდინარე, ინვესტორთა დაინტერესება ბანკის აქციების შეძენით გასაკვირი არ უნდა იყოს, და ზოგადად მისასალმებელია, თუმცა ნებისმიერი გარიგება ბანკის აქციონერების პრეროგატივაა და ბანკი მიმდინარე მოლაპარაკებებსა თუ სავარაუდო ან შესაძლო გარიგებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ლიბერთი ბანკის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ლიბერთი ბანკის ვებ გვერდზე", - წერია ბანკის განცხადებაში.

ლიბერთი ბანკის შესყიდვით დაინტერესების შესახებ პირველი განცხადება Hunnewell Partners-ის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ გააკეთა. 

"ახლა ვუყურებთ ლიბერთი ბანკს, ეს ინფორმაციები უკვე არსებობს, ამიტომაც მათ არ ვმალავთ. იმედია, მალე მოვახერხებთ გამოცხადებას, რომ ვიყიდეთ საკონტროლო პაკეტი ამ ბანკში", - ამბობს ირაკლი რუხაძე.

Hunnewell Partners, სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად, პატარკაციშვილების აქტივებსაც განკარგავს. კომპანია ბიზნესებს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. საქართველოში კომპანიის აქტივებში შედის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

კომენტარები