აბაშიშვილი: საკონსტიტუციოს კანონის ფორსირებულად მიღება კითხვებს ბადებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ვეტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს. გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ამ კანონონის ფორსირებულად და ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე მიღება კითხვებს ბადებს, რაც ძალიან სამწუხაროა.

"ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება მოხდა ფორსირებულად, თან იმ დროს, როცა მესამე მოსმენით ისე მოხდა კანონის მიღება, რომ აქამდე არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა და ჩვენ არ ვიცნობთ კომისიის მოსაზრებებს ამ კანონთან დაკავშირებით, უკვე გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს და ეს ძალიან სამწუხაროა. საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას არ შეექმნას არანაირი საფრთხე. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საკუთარი შეშფოთება გააცნო როგორც პრემიერ-მინისტრს, ისე პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ისაუბრა საკომიტეტო მოსმენების დროს. ჩვენ დაველოდებით ახლა კანონის გადმოგზავნას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შემდგომ კი გავმართავთ კონსულტაციებს პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამის შემდგომ პრეზიდეტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას" - აცხადებს აბაშიშვილი.

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები დღეს მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის არ იყვნენ რესპუბლიკელების, თავისუფალი დემოკრატების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის წარმომადგენლები. ამასთან, ენმ პრეზიდენტს მოუწოდებს კანონს ვეტო დაადოს. 

კომენტარები