უკრაინა

ქართველი პროკურორი უკრაინაში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

გენერალური პროკურატურის პროკურორის ვლადისლავ კუცენკოს განაცხადებით, უკრაინის სამხედრო პროკურატურამ ქართველი პროკურორი, ალექსანდრე მოდებაძე დააკავა. მისი თქმით, ოდესის ოლქის პროკურატურის პირველი კლასის იურისტი მოდებაძე, რომელიც დავით საყვარელიძემ პროკურორად მიმდინარე წლის 16 მარტს დანიშნა, 5 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა დავით საყვარელიძე გენპროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ კი, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საყვარელიძის გათავისუფლებაზე რეაქცია მოსთხოვა.

24 მარტს, საყვარელიძემ განაცხადა, რომ გენერალურ პროკურატურაში იმ თანამშრომლების გათავისუფლება გრძელდებოდა, რომლებიც ე.წ. ბრილიანტის პროკურორების საქმეს იძიებდნენ.

მანამდე, საყვარელიძემ განაცხადა, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შიდა გამოძიების და უსაფრთხოების გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი გაათავისუფლა.

კომენტარები