უკრაინა

უკრაინის გენპროკურორი ვიქტორ შოკინი თანამდებობიდან გადააყენეს

ipress.ge

უკრაინის რადამ გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

დადგენილებას ვიქტორ შოკინის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ მხარი 339-დან 289 დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჯერ კიდევ 16 თებერვალს მიმართა შოკინს და პოსტის დატოვება შესთავაზა. შოკინმა თანამდებობის დატოვების შესახებ მოთხოვნა მაშინვე დაწერა, თუმცა აქამდე რადას თანხმობას ელოდებოდა.

დღევანდელ კენჭისყრამდე უკრაინის გენპროკურორმა უწყებაში საკადრო ცვლილება განახორციელა და თანამდებობიდან თავისი მოადგილე დავით საყვარელიძე გაათავისუფლა. ოფიციალურ მიზეზად ეთიკური ნორმების დარღვევა დასახელდა. 

"ეს პროკურორი სამარცხვინო იყო ამ უწყებისთვის. იმედი მაქვს, შემდეგი გენერალური პროკურორი, რომელიც დაინიშნება, მისი მსგავსი არ იქნება. სამწუხაროდ ამ უწყებაში სუსტი საკადრო ცვლილებების მოწმე ორჯერ გავხდით. ვიქტორ შოკინის ბოლო ნაბიჯი დავით საყვარელიძის მოხსნა იყო. რაიმე მიზეზიც რომ არსებულიყო ამ ადამიანის მიზანში ამოსაღებად, შოკინს ერთი წელი ჰქონდა და არაფერი გაუკეთებია," - განაცხადა პოროშენკოს ბლოკის წევრმა, მუსტაფა ნაიემმა. 

უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დავით საყვარელიძეს გენპროკურორის მოადგილის თანამდებობის პარალელურად, ოდესის ოლქის პროკურორის პოსტიც ეკავა, მისი პოსტიდან გადაყენების მიზანი კი გენპროკურატურის სტრუქტურის უკრაინის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა იყო.

კომენტარები