ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ინტერპოლმა დათა ახალაიას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა

ინტერპოლმა დათა ახალაია ძებნიდან მოხსნა. ოფიციალურ ვებგვერდზე, წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ყოფილი მაღალჩინოსანი აღარ იძებნება. მისი ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, "ევროპული ქვეყნის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით ახალაიას მიმართ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი იმყოფება პოლიტიკური დევნის ქვეშ. ამდენად, დავით ახალაიას ძებნა არის შეწყვეტილი".

დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო. მას ამნისტიის გათვალისწინებით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 3 აპრილს მიესაჯა. 2015 წლის აპრილში კი, საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადიციაზე პირველი ინსტანციის, ქალაქ პეტრას სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ქართულ მხარეს უარი უთხრა. საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ საფუძვლად საქართველოში დათა ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა დაასახელა.

გარდა ამისა, დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის, ასევე, მოქალაქეების - ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის. დათა ახალაიას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც.

ცნობისთვის, ძებნილთა სიიდან ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და ერეკლე კოდუაც მოხსნა.

კომენტარები