პირადი კადრები

მთავრობა: ძალოვან უწყებებს კადრების გავრცელების სასწრაფო გამოძიება დაევალათ

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების პირველი პირები შეკრიბა და მათ მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიება დაავალა.

"პრემიერმინისტრთან შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დაესწრნენ" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

პროკურატურამ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

პროკურატურამ ტაბულას განუცხადა, რომ საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები