ქართული ოცნება

რესპუბლიკელები: თოფაძის ბრალდებებზე საჯარო დებატებს ვწყვეტთ

ტაბულა

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დეპუტატ გოგი თოფაძის ბრალდებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ თემაზე რესპუბლიკური პარტია საჯარო დებატებს წყვეტს.

"ბოლო დღეებში, რესპუბლიკელები იძულებული გავხდით, საჯარო და მკაცრი პასუხი გაგვეცა კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორი პარტიის წარმომადგენლისათვის. ეს განაპირობა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა, რომლებიც თავისი შინაარსით იყო არა მხოლოდ ცილისმწამებლური, არამედ ანტიკოალიციური და ანტისახელმწიფოებრივი", - ამბობს სამნიძე.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ ტიპის ანტიდასავლური განცხადებები მრავალჯერ გაკეთებულა, რის გამოც კოალიციურ პარტნიორებს ხშირად უწევდათ ხაზგასმა, რომ ეს იყო ერთი ადამიანის და არა კოალიციის პოზიცია. სამნიძე ფიქრობს, რომ მიუხედავად შიდაკოალიციურად საკითხის არაერთგზის წამოწევისა, პრობლემა არ მოგვარებულა და რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებები, სწორედ ამ ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია.

"თოფაძის განცხადებაზე პირველ ეტაპზე თავი შევიკავეთ, რადგან ის საუბრობდა მედიის მიერ თითქოსდა აზრის დამახინჯებაზე და ველოდებოდით შემდგომ განმარტებებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში ცილისწამება განმეორდა კიდევ უფრო მძიმე ფორმებში - საგარეჯოში სამართლიანად ჩატარებული შუალედური არჩევნების საბაბად გამოყენებით, ამჯერად უკვე პირდაპირი ანტიდასავლური თავდასხმებით როგორც თავდაცვის მინისტრზე, ასევე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეზე, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, ამ ყველაფერს სრულიად ცალსახად მიეცა დაგეგმილი შეტევის ხასიათი. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ქვეყნის, კოალიციის, პარტიის და ჩვენი კოლეგების პრესტიჟი", - აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ.

როგორც ხათუნა სამნიძე ამბობს, კოალიციის ლიდერმა და ქვეყნის პრემიერმინისტრმა მომხდარი საჯაროდ და მკაფიოდ შეაფასა, განცხადებებს უწოდა მიუღებელი, რაც „ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას“. სამნიძის თქმით, პრემიერმა ასევე საკითხის კოალიციურ ფორმატში გადაწყვეტის საჭიროებას გაუსვა ხაზი და დაადასტურა, რომ ეს არა პარტნიორებს შორის დაპირისპირება, არამედ ერთი ადამიანის კოალიციასთან დაპირისპირებაა.

"რესპუბლიკელები ამ ეტაპზე ვწყვეტთ საჯარო დებატებს აღნიშნულ თემაზე, რადგან ველით კოალიციის შიდა ფორმატში, როგორც კოალიციური, ისე სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე შექმნილი ვითარების მიზეზებსა და მიზნებზე მსჯელობას. მსჯელობის შედეგად ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომელიც უზრუნველყოფს კოალიციის წარმატებულ ფუნქციონირებას მის სადამფუძნებლო დოკუმენტში გაცხადებული პრინციპებისა და ღირებულებების მტკიცე დაცვით. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალში სათანადო რეაგირების გარეშე დავტოვებთ უსაფუძვლო ბრალდებებს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის", - აღნიშნა სამნიძემ.

კომენტარები