დავა მაესტროს გარშემო

გადაბაძე მაესტროზე: ხელისუფლების ჩართულობა იკვეთება

ბაია გადაბაძე
media.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაესტროს პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაბაძე ტელეკომპანიის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. 

გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლოც არ დააკმაყოფილებს გადაბაძის სარჩელს, საჯარო რეესტრი ვალდებული იქნება, ლევან გაჩეჩილაძე არხის გენერალურ დირექტორად დაარეგისტრიროს.

"საქმეები, რომებიც იხილება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, ერთ ინსტანციას აქვს 25 დღე, მეორეს - ორი თვე, 85 დღეში რაც კეთდება, ეს ყველაფერი გაკეთდა ზუსტად 24 საათში. რასაც აქამდე ეჭვად ვამბობდი, ხელისუფლება შემთხვევით ხომ არ ერევა ირიბად-თქო, ახლა მაქვს ყველანაირი მტკიცებულება, ვთქვა, რომ აქ არაფერი სხვა არ იკვეთება, თუ არა ხელისუფლების ჩართულობა. კითხეთ ნებისმიერ იურისტს - რომელსაც ერთი საქმე მაინც უწარმოებია, თუ არსებობს შემთხვვა, რომელიც 24 საათში დასრულდა" - თქვა გადაბაძემ.

მისივე თქმით, "თუკი ამ ღამით სააპელაციო სასამართლო განიხილავს ჩემს საჩივარს და მიიღებს გადაწყვეტილებას, ხვალ დილით ეს გადაწყვეტილება წავა რეესტრში და 14:00 საათამდე მოხდება გაჩეჩილაძის დარეგისტრირება, რითაც საბოლოოდ გამოეთხრება ძირი "მაესტროს".

ტელეკომპანია მაეტროს წილების მფლობელებს შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირაა, გრძელდება. პარტნიორთა კრებამ არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელი 2016 წლის 1 თებერვლიდან გიორგი გაჩეჩილაძე გახდა. მან გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან კომპანიის წილები იყიდა, რითაც მაესტროს 55 %-იანი წილის მფლობელად იქცა. ცნობისთვის, მაესტროსა და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია ჯიდიესის სარეკლამო დრო ტელეკომპანია "იმედმა" იყიდა.

კომენტარები