წეროვანში მცხოვრები დევნილები

სამინისტრო: კახა კალაძე დევნილებს გაზის დავალიანების ჩამოწერას არ დაპირებია

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ წეროვანში მცხოვრებ დევნილებს მინისტრი კახა კალაძე ბუნებრივი აირის დავალიანების ჩამოწერას არასდროს დაჰპირებია. აღსანიშნავია, რომ ტაბულასთან საუბარში ადგილობრივები გუშინ ამტკიცებდნენ, რომ კალაძე დავალიანების ჩამოწერას არაერთხელ, არჩევნებამდე და მას შემდეგაც, დაჰპირდა. წეროვანში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს ამ დროისთვის გაზი არ მიეწოდებათ. სამინისტროს განცხადებით, დევნილთა დახმარება, მათზე გარკვეული შეღავათების დაწესება და მიზნობირივი სუბსიდირება, მათ შორის, კომუნალური დავალიანებების დასაფარად, არ წარმოადგენს ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციას.

"წეროვანში დასახლებულ დევნილ ოჯახებს, ისევე როგორც სხვა რეგიონებში დასახლებულ დევნილ მოსახლეობას, ბუნებრივი გაზის მომწოდებლებთან ბოლო 3-4 წლის მანძილზე წარმოეშვათ სხვადასხვა ოდენობის დავალიანებები.

აღსანიშნავია, რომ დევნილთა დახმარება, მათზე გარკვეული შეღავათების დაწესება და მიზნობირივი სუბსიდირება, მათ შორის კომუნალური დავალიანებების დასაფარად, არ წარმოადგენს ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციას და ამას ლტოლვილთა სამინისტრო ახორციელებს. თუმცა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ხსენებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ენერგეტიკის სამინისტრო გასულ წელს ჩაერთო ამ საკითხის დარეგულირებაში და გაზის მომწოდებლებთან მოლაპარაკებების შედეგად დევნილებს მიეცათ დავალიანების განწილვადებით გადახდის საშუალება უპრეცედენტოდ გრძელ პერიოდზე, ისე, რომ თითოეული მათგანის თვიური გადასახადი მიმდინარე გადასახადის გარდა ყოფილიყო 15 ლარი.

ამასთან, აღნიშნული მოსახლეობა არაერთხელ იქნა გაფრთხილებული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე.

უნდა ითქვას ასევე ისიც, რომ ამ მოსახლეობის დაახლოებით 80% სრულად იხდის როგორც განწილვადებულ პორციას, ასევე მიმდინარე გადასახადსაც და მათ ბუნებრივი გაზი შეუფერხებლად მიეწოდებათ.

აქვე აღსანიშნავია, რომ არცერთ დროს ადგილი არ ჰქონია ენერგეტიკის მინისტრის ან სამინისტროს სხვა წარმომადგენლების მხრიდან ამ მოსახლეობის დავალიანების გადახდის დაპირებას", - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები