უკრაინის მთავრობა

ფრაქცია ბატკივშჩინამ საპარლამენტო კოალიცია დატოვა

Yulia Tymoshenko

უკრაინის რადაში ფრაქცია ბატკივშჩინამ საპარლამენტო კოალიცია დატოვა. ამის შესახებ ფრაქციის ლიდერმა იულია ტიმოშენკომ ისაუბრა და სხვა პარლამენტარებსაც მოუწოდა, მათ მიბაძონ.

"თქვენ იცით, რომ გუშინ უმაღლეს რადაში მოხდა ექსტრაორდინარული მოვლენა, რამაც ყველა საიდუმლო გამოააშკარავა, ამიტომ ბატკივშჩინამ დღეს დილით, სხდომაზე მიიღო ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება - ის ტოვებს კოალიციას.

ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პარლამენტში დემოკრატიული და პროდასავლური კოალიცია არასდროს არსებობდა. ყოველთვის იყო ბნელი, კულუარული და კლანური კოალიცია, რომელსაც აყალიბებდა მთავრობა, რომელიც მართავდა ქვეყანას და რომელმაც ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა. სწორედ ეს კლანური კოალიცია, რომელიც ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას უკრაინაში, განზრახ არ იცავს ჩვენს ქვეყანას გარე აგრესორისგან.

სიტუაცია, რომელიც ახლა უკრაინაშია - ეს არის ამ ბნელი კოალიციის მმართველობის შედეგი. ამიტომ ბატკივშჩინა დაუშვებლად მიიჩნევს იმ კოალიციის წევრობას, რომელსაც რეფორმების გატარების, უკრაინის დაცვისა და ჩვენი ცხოვრების შეცვლის არანაირი შანსი არ აქვს იმიტომ, რომ მას ეს არც სურს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დეპუტატს, რომელსაც შერჩენია ღირსება, სინდისი და პასუხისმგებლობის განცდა, დატოვონ ამ ფასადური და ფორმალური კოალიციის რიგები. საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, დეპუტატებს აქვთ უფლება, ინდივიდუალურად გამოეყონ ან შეუერთდნენ კოალიციას. დღეს უკრაინის ბედს წყვეტს თითოეული მათგანი", - თქვა ბატკივშჩინას ლიდერმა იულია ტიმოშენკომ.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკის მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ვერ შეძლო. მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივას მხოლოდ 194-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მთავრობის გადასაყენებლად კი მინიმუმ 226 ხმა არის საჭირო.

საპარლამენტო კოალიცია "ევროპული უკრაინა" შეიქმნა 2014 წლის 27 ნოემბერს ხუთი ფრაქციის - პეტრო პოროშენკოს ბლოკის, სახალხო ფრონტის, სამოპომიჩის, ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტიისა და ბატკივშჩინას გაერთიანებით. 2015 წლის ბოლოს რადიკალურმა პარტიამ დატოვა კოალიცია. თუკი კოალიციას დატოვებს სამოპომიჩის 26 დეპუტატიც, "ევროპული უკრაინა" დაკარგავს საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს.

უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, თუკი პარლამენტი არ იღებს რეზოლუციას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, ხელმეორე კენჭისყრა მხოლოდ მომდევნო სესიაზეა შესაძლებელი.

 

კომენტარები