შეწყალების საქმე

მთავარი პროკურორის მოადგილე: შეწყალების საქმე გამოძიების ბოლო ეტაპზეა

გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე

დღეს, 17:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ე.წ. შეწყალების სკანდალის საქმეზე იმსჯელებენ. პარლამენტში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირებიც მივლენ. ეკა ბესელიამ კომიტეტზე ალეკო ელისაშვილი და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიწვია, თუმცა, როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმცირესობის წევრები სხდომას არ დაესწრებიან. დილიდან პარლამენტში იმყოფება მთავარი პროკურორის მოადგილე, რომელმაც თქვა, რომ ე.წ. შეწყალების სკანდალის საქმეზე გამოძიება ბოლო ეტაპზეა მისული.

„როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ეს საქმე გამოძიების ბოლო ეტაპზე არის და ძალიან მალე გაიგებთ, თუ რა დადგინდება. სანამ გამოძიება არ დასრულდება, კონკრეტულად ვერაფერს ვერ ვიტყვი, არასერიოზული იქნება", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი უნდა დაესწროს სხდომას, რათა პასუხი გასცეს ე.წ. პოლიტპატიმრებს.

„თემა ეხება ელისაშვილის ბოდვას, რომელშიც თავად გაეხვა და თავად ვერ გაერკვა - ახლა საიდან გააგრძელოს და რა გააკეთოს. თუ იგივე ელისაშვილს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით აქვს რაიმე კითხვა, მასაც იწვევენ აქ. ეს კონკრეტულად ამ თემას ეხება - პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. მობრძანდეს და აქ არიან ის ადამიანები, რომლებიც მას სთხოვენ პირადად პასუხს", - ამბობს ბესელია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით კი, ეკა ბესელიას შეწყალების საქმეზე სიმართლის დადგენა არ სურს.

„ძალიან ცალსახაა, ქალბატონ ბესელიას არ უნდა სიმართლის დადგენა. მას რომ ჰქონდეს სურვილი, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, ამ კომიტეტზე მოიწვევდა არა მარტო ე.წ. პოლიტპატიმრებს, არამედ მოიწვევდა იმ ადამიანებს, ვინც დაზარალდა. აქ ძალიან სერიოზული დარღვევები არსებობს და აქ არის ფინანსური ინტერესები და ამის შესახებ არა მარტო ნაციონალური მოძრაობა, არამედ ყველა საუბრობს. ამაზე საუბრობენ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები და ის ადამიანები, ვინც ჩართულები იყვნენ შეწყალების პროცესში. ამიტომ დღეს ამ შეხვედრის სახით არის შირმა გაკეთებული ბესელიას მიერ, რომ მოიყვანოს ის ადამიანები, ვინც გამოუშვა", - ამბობს მინაშვილი.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ელისაშვილი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომ მას აიძულებდნენ, კონკრეტული პატიმრები შესაწყალებელ სიაში ჩაესვა. ელისაშვილის თქმით, შეწყალების კატეგორიული მოთხოვნით მას "ისტერიული" მესიჯებიც მისდიოდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები