დავა მაესტროს გარშემო

ბაია გადაბაძემ სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა

ბაია გადაბაძე
media.ge

მაესტროს მოქმედი მენეჯმენტი და 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანი სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებენ. კერძოდ, სასამართლომ არ გააუქმა მაესტროს პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც, ბაია გადაბაძე გენერალური დირექტორის პოსტზე ლევან გაჩეჩილაძემ შეცვალა. გადაბაძე ითხოვდა გიორგი გაჩეჩილაძის სახელზე "აშკარა კანონდარღვევით და თვალთმაქცურად გაფორმებული 30%-იანი წილის მოქმედების გადაუდებელი წესით შეჩერებას".

„მოვედი, რომ გავასაჩივრო გადაწყვეტილება, რომელიც არ დამიკმაყოფილა სასამართლომ, ანუ ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. მე ვასაჩივრებ კრების ოქმს, მაგრამ ეს დამიკმაყოფილა რეესტრმა. ახლა მე მივდივარ, რომ გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ საჯარო რეესტრს ეს ყველაფერი ვაცნობო. ამასთან ერთად, ვწყვეტ გაფიცვას, რადგან ახლა ჩემი გაორმაგებული ძალები სჭირდება ტელევიზიას და ვუდგები ჩემი უფლება-მოვალეობის შესრულებას ჯეროვნად", - თქვა ბაია გადაბაძემ განჩინების გასაჩივრების შემდეგ.

პარტნიორთა სხდომის ოქმის გაუქმების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს ბაია გადაბაძემ გუშინ მიმართა. ამასთან, დღეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირების საკითხის განხილვა 30 დღით შეაჩერა. რეესტრის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაია გადაბაძის განცხადების საფუძველზე მიიღეს. რეესტრს 30 დღის განმავლობაში უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება გადაბაძის სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. რეესტრის ცნობით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.

თუმცა, ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატის ირაკლი კორძახიას განცხადებით, ხვალ საჯარო რეესტრში ისევ მივა და გაჩეჩილაძის გენერალურ დირექტორად დანიშვნის მოთხოვნას თავიდან დაარეგისტრირებს. კორძახიას თქმით, რეესტრში საქალაქო სასამართლოს განჩინებას მიიტანენ.
ირაკლი კორძახიას საპასუხოდ მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ აღნიშნა, რომ არასერიოზული და არასამართლებრივია, კანონიერ ძალაში შესვლამდე სასამართლოს განჩინების რეესტრში წარდგენა. ადვოკატის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს განჩინება კრების ოქმის შეჩერებაზე უართან დაკავშირებით კანონიერ ძალაში არ არის შესული, რადგან ბაია გადაბაძე მას ასაჩივრებს. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო ერთი თვის ვადაში მიიღებს, რის შემდეგაც განჩინება კანონიერ ძალაში შევა.

კომენტარები