მოსამართლეთა რიგგარეშე მე-16 კონფერენცია დასრულდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მოსამართლეთა ნაწილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად შეაფასა. მათი განცხადებით, ლევან მურუსიძის არჩევის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლოს მიმართ ცილისმწამებლური და "პოლიტიკურად მართული" კამპანია დაიწყო.
"ის ქმედებები, რომელიც განახორციელა პრეზიდენტმა, მაძლევს ამის თქმის უფლებას, რომ მქონდეს ეს ეჭვი - პროცესები შეიძლება, მისგან იყოს მართული", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ.
"ამ კამპანიაში ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტიც, რომლის მოქმედებებიც უნდა შეფასდეს როგორც ლევან მურუსიძის დანიშვნის საკითხზე უარყოფითი საზოგადოებივი აზრის შექმნისთვის გამიზნული ნაბიჯი და ამ გზით საბჭოზე ირიბი ზეგავლენის მცდელობა, ასევე სასამართლო საქმიანობაში ჩარევად მივიჩნევთ მის მიწოდებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისადმი, რომ მის წარმოებაში არსებულ საქმეზე არ მიეღო ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება", - თქვა მოსამართლე მირანდა ერემაძემ.
"რა უნდათ იუსტიციის საბჭოსგან, რომ ლევან მურუსიძეს ხმა მივეცით? რომ მე უნდა გავდგე იმისთვის, რომ ლევან მურუსიძეს ხმა მივეცი? რისი გულისთვის? სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოავლინა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ.
ზუგდიდის სასამართლოს თავმჯდომარის თქმით კი, 2015 წლის 25 დეკემბერს ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევით ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს.
"2015 წლის 25 დეკემბერს მიღებული იქნა ღირსეული გადაყწვეტილება მართლმსაჯულების ინტერესებისათვის. ეს იყო სანიმუშო მაგალითი შეუვალობისა, ურყევობისა, ნებისყოფის სიმტკიცისა და დასტური იმისა, რომ თუ როგორ უნდა აღვუდგეთ წინ ყოველგვარ ზეწოლას, თუნდაც ისეთ არნახულს და გაუგონარს, როგორსაც განიცდიდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები", - აღნიშნა ნატრული აკობიამ.
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი. თუმცა მათ დროზე ადრე დატოვეს შეხვედრა. მათი თქმით, ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, რის გამოც რიგგარეშე კონფერენცია შედგა.
"ეს იყო უფრო სოლიდარობის გამომხატველი კონფერენცია, ეს იყო მიმართული საბჭოს წევრების მიმართ და რაღაც ერთგვარ სოლიდარობას გამოხატავდნენ. ჩვენთვის სამწუხარო იყო ის, რომ დარბაზში 200-ზე მეტი მოსამართლე იმყოფებოდა და ამ მოსამართლეთაგან არცერთს ჰქონდა სურვილი განსხვავებული აზრის დაფიქსირების, პირიქით, მოვისმინეთ განსხვავებული აზრის მიმართ ერთგვარი კრიტიკა", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია კოსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ელბაქიძემ.
მართლმსაჯულების სახლთან, სადაც მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობდა, კოალიციის - დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის - წევრმა ორგანიზაციებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევა და სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. რუსთავი ორის ცნობით, კონფერენციაზე შეკრებილმა მოსამართლეებმა ეს "პოლიტიკურად მართულ აქციად" შეაფასეს.





