ქართველი სამხედროები აფრიკაში

კაპანაძე: თუ ძალადობა დადასტურდა, დაისჯება ის, ვინც შელახა ქართული მუნდირი

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, "ყველა ზომას ვიღებთ, რათა დადგინდეს სიმართლე - გაბათილდეს აღნიშნული ინფორმაცია, ან - დადგინდეს და დაისაჯოს ის პიროვნება, რომელმაც შელახა ქართული მუნდირი". კაპანაძე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ზიდ რაად ალ ჰუსეინის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აფრიკაში მყოფ ქართველ სამხედროებს არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. კაპანაძის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ჯარები სიმართლის დასადგენად ყველა შესაბამის ორგანოსთან ითანამშრომლებს. მისივე თქმით, გამოძიების დასრულებამდე გადააყენეს "ყველა ის პიროვნება, რომელიც ვალდებული იყო და სამსახურებრივად არ უნდა დაეშვა მსგავსი ქმედება, ან არ გამოიძია შესაბამისად აღნიშნული ქმედება".

„დიდი ყურადღებით და შეშფოთებით გავეცანით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებას, რომელიც ეხებოდა 2014 წელს ცენტრალურ აფრიკაში არსებულ მისიას. ჩვენი - თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების, ასევე, მთავრობის პოზიციაა, რომ მსგავსი ქმედება, ვინც უნდა ჩაიდინოს ის, არის დასჯადი, არ აქვს მნიშვნელობა არც ქვეყანას, არც სამხედრო წოდებას და წარმომავლობას. ჩვენი მიზანია, ამჟამად, განვახორციელოთ დეტალური გამოძიება. ამ ამოცანით ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა შესაბამის ორგანოსთან, ყველა ზომას გამოვიყენებთ, რათა დადგინდეს სიმართლე და, თუკი დადასტურდა აღნიშნული ფაქტები, კონკრეტული პიროვნება დაისჯება შესაბამისად. ქართული შეიარაღებული ძალები სამშვიდობო მისიებში 17 წლის განმავლობაში მონაწილეობენ და ამ პერიოდში მათ თავი წარმოაჩინეს საუკეთესო მხრიდან, ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებში მიიჩნევიან, როგორც სანდო, საიმედო და პროფესიონალი თანამებრძოლები. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მსგავს სტატუსს და მსგავს სახელს ვიღაცამ მიაყენოს ზიანი. ამ ეტაპზე, ყველა ზომას ვიღებთ, რათა დადგინდეს სიმართლე - გაბათილდეს აღნიშნული ინფორმაცია, ან - დადგინდეს და დაისაჯოს ის პიროვნება, რომელმაც შელახა ქართული მუნდირი. ჩვენი გადაწყვეტილებით, ყველა ის პიროვნება, რომელიც ვალდებული იყო და სამსახურებრივად არ უნდა დაეშვა მსგავსი ქმედება, ან არ გამოიძია შესაბამისად აღნიშნული ქმედება, გადაყენებული იქნება და მოვალეობას ვერ შეასრულებს გამოძიების დასრულებამდე", - განაცხადა ბრიფინგზე გენერალური შტაბის უფროსმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარმა ზიდ რაად ალ ჰუსეინმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი და ფრანგი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. როგორც კომისარი ამბობს, უკიდურესად საგანგაშოა ბრალდებები არასრულწლოვნებზე სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ. როგორც დოკუმენტში წერია, სავარაუდო კრიმინალური შემთხვევების უმეტესობა 2014 წელს მოხდა, თუმცა, მხოლოდ ბოლო კვირებში გამჟღავნდა.

როგორც დოკუმენტში წერია, გაეროს დელეგაცია რამდენიმე გოგონას ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ მათზე უცხოელმა სამხედროებმა სექსუალური ძალადობა განახორციელეს.

კომენტარები