საქართველოს ეროვნული ბანკი

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სებ-ის საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატი დაასახელა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის მიერ ადმინისტრაციისათვის შეთავაზებული ექვსი კანდიდატის ვინაობა დაასახელა: გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემურ ჭეიშვილი, კობა გვენეტაძე და მაია მელიქიძე.

დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატებს დღესვე გადაუგზავნიან ექსპერტებსა და შერჩევის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

"ექსპერტები კანდიდატებს წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების - პროფესიული განათლების, პროფესიული კვალიფიკაციის და პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიხედვით განიხილავენ", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, მომავალ კვირას ექსპერტების მიერ შერჩეულ კანდიდატებთან შედგება კომუნიკაცია და კანდიდატურებს, ექსპერტთა შეფასებებთან ერთად, პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენენ.

პროცედურის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ქადაგიძის შემცვლელს პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტი მარგველაშვილი წარუდგენს. თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ წარდგენილი კანდიდატურა, დამტკიცების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს  წარდგინების საფუძველზე ნიშნავს. 7-წევრიან საბჭოში, გიორგი ქადაგიძის გარდა, 2016 წლის ბოლოს უფლებამოსილება კიდევ სამ წევრს ეწურება.  

კომენტარები