საქართველოს ეროვნული ნაკრები

კობიაშვილი: ცხადაძესთან კონტრაქტს ორმხრივი მოლაპარაკების გზით შევწყვეტთ

ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომისიამ რეკომენდაცია მისცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, კიდევ ერთხელ შეხვდეს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს. სფფ-ის განმარტებით, კობიაშვილი და ცხადაძე უნდა შეთანხმდნენ, რა პირობებით შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება ეროვნული ნაკრების მწვრთნელს. 

აღმასკომის კრება ფედერაციის პრეზიდენტის მოწვევით შეიკრიბა. კობიაშვილის განცხადებით, მისთვის შეურაცხმყოფელია ბოლო პერიოდში კახა ცხადაძის განცხადებები, თითქოს კობიაშვილს გარეშე ძალა მართავს. 

"დღევანდელ სხდომაზე მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, რომ ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მივედით შეთანხმებამდე, რომ მოლაპარაკების გზით მასთან შეწყდეს ხელშეკრულება ანუ ჩვენ მზად ვართ, მე პირადად მზად ვარ, კიდევ ერთხელ შევხვდე კახა ცხადაძეს და მოვილაპარაკოთ, როგორ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი მოლაპარაკების გზით" - თქვა ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ 21 იანვარს განაცხადა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მისი შეცვლა სურს. ცხადაძის თქმით, მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პირდაპირ უთხრა, რომ სამინისტრო მისთვის ხელფასის გადახდას არ აპირებდა.

მთავარ მწვრთნელს რამდენიმე საათში სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უპასუხა. ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, სამინისტროს არ აქვს რესურსი, მწვრთნელს "ასობით ათასი ლარი უხადოს". მისი განცხადებით, თუ ფედერაცია ამისთვის მზად არის, თავად მოიძიოს თანხა. ხეჩიკაშვილის მტკიცებით, "აქ კახაზე არ არის საუბარი" და მას სისტემის შეცვლა სურს.

23 იანვარს კი, პრესკონფერენცია სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გამართა. მან აბსურდული უწოდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის ბრალდებას, რომ ფედერაციაში გადაწყვეტილებებს გარეშე პირები იღებენ. კობიაშვილის თქმით, აღმასკომს მოიწვევს, რომ ცხადაძე პოსტიდან გაათავისუფლონ. სფფ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მან ცხადაძეს კონტრაქტის ახალი პირობები შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, მწვრთნელი ფიქსირებულად ხელფასის 50%-ს მიიღებდა, ხოლო დარჩენილ თანხას ნაკრების წარმატების შემთხვევაში ბონუსური სისტემით აიღებდა. ლევან კობიაშვილის მტკიცებით, კახა ცხადაძემ მასთან ამის შემდეგ კონტაქტი შეწყვიტა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. მისი განმარტებით, ფეხბურთის ფედერაცია კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში წლიურად იხდის დაახლოებით მილიონნახევარ ლარს.

კომენტარები