26 იანვარს დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.50 ლარი (2.4984 ლარი) გახდა. ლარის არსებობის ისტორიაში წინა რეკორდი 25 იანვარს დამყარდა, როდესაც ერთი დოლარის ღირებულება 2.49 ლარი გახდა. ლარი დღესვე ევროს მიმართაც გაუფასურდა, ახალი ოფიციალური კურსით, ერთი ევრო 2.7 ლარი ღირს. ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარებისთვის სავალუტო რეზერვებიდან $20 მილიონი დახარჯა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ბანკის პროგნოზის მიხედვით, დოლართან მიმართებით ლარის კურსის 2.4-იან ნიშნულზე დაბრუნება უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს. ქადაგიძე ბოლოდროინდელ გაუფასურებას რეგიონის ქვეყნებში არსებული სავალუტო რყევების მიერ ქართულ ბაზარზე წარმოშობილ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირებს.
"ლარის გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. 2015 წლისგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კურსის 2.4 კორიდორში იმპორტი იმ რაოდენობით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადები არის დაბალანსებული. მეორე ფაქტორი არის ფულის მასა - ის მაქსიმალურად შევზღუდეთ. ფულის მასის ზრდა არის ნულთან ახლოს. შესაბამისად, არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს", - ამბობს ქადაგიძე.
ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით კი, ლარი იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე ამას მთავრობა ელოდა.
"მინდა მოგახსენოთ, რომ გარე ფაქტორები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, აისახა ჩვენი ვალუტის კურსზე, თუმცა ამ წუთში ის მაკროეკონომიკური ანალიზი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, აჩვენებს, რომ ჩვენ ცოტა უფრო მეტად გავუფასურდით, ვიდრე უნდა გავუფასურებულიყავით", - ამბობს ქუმსიშვილი.
იანვარში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სულ $60 მილიონი დახარჯა.





