საპროტესტო აქციები მოლდოვაში

პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში: დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ

AP

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც საკანონმდებლო ორგანომ ახალი პროევროპული მთავრობა დაამტკიცა. მთავარი პროევროპული კოალიციის წევრი პაველ ფილიპი პრემიერმინისტრად დაინიშნა. ის ხალხს ევროკავშირთან უფრო მეტ დაახლოვებას დაჰპირდა. აღსანიშნავია, რომ პროევროპულ მთავრობას პრორუსულმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.

ათასობით ადამიანი კი პარლამენტის წინ სწორედ ფილიპის პრემიერად დანიშვნის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. ისინი თვლიან, რომ მოლდოვა რუსეთის ორბიტაზე უნდა დარჩეს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა პოლიციის ხაზები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად ხუთი სამართალდამცველი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში მოლდოვის წინა მთავრობას კორუფციის ბრალდებით უფლებამოსილება შეუჩერეს.

კომენტარები