პროკურორის მკვლელობა

კუჭავას ოჯახის ადვოკატი: გამოვრიცხავთ თვითმკვლელობას, ეს არის განზრახ მკვლელობა

რუსთავი 2

პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულის, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატის ნათია კირკიტაძის განცხადებით, "გამოვრიცხავთ თვითმკვლელობას, ეს არის განზრახ მკვლელობა". მან ჟურნალისტებს ამის შესახებ გუშინ, დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ცხედრის გარეგანი დათვალიერების დასრულების შემდეგ განუცხადა. ადვოკატის თქმით, ოჯახისთვის უცნობია იმ ორი პირის ვინაობა, რომლებიც გარდაცვალების დროს ბიძინა კუჭავასთან ერთად იმყოფებოდა.

"ოჯახის ვერსია და ჩვენი ვერსია არის ის, რომ გამოვრიცხავთ თვითმკვლელობას. ეს არის განზრახ მკვლელობა. ქალბატონმა მაია ნიკოლეიშვილმა დაათვალიერა გვამი. მიუხედავად იმისა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა სასამართლო ექსპერტიზა, გაჩენილია ძალიან ბევრი კითხვა. არის რაღაც კვალიც. სამოქალაქო საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცემა პასუხი, რადგან დაინტერესება არის ძალიან დიდი და არ შეიძლება ადამიანზე, რომელზეც ჯერ არ არის დადგენილი თვითმკვლელობა, იყო თუ არა განზრახ მკვლელობა, წინასწარ ასეთი რაღაცეების საუბარი. ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ გაავრცელებენ ჭორებს, ნუ იქნება საქმე აგებული ბინძურ პიარზე. საეჭვო ზარები არ ყოფილა, საღამოს, 16-ში ბატონი ბიძინა მიდიოდა შეხვედრაზე, როგორც მისმა მეუღლემ გადმოგვცა და ორი საათის შემდეგ უკვე მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ის ორი პირი დაიკითხა. მანდილოსანი როდესაც გამოვიდა პროკურატურიდან, მან "კაპიუშონი" ჩამოიხურა, რომ სახე არავის დაენახა. თვითონ ოჯახი ამბობს, რომ ამ ქალბატონს არავინ იცნობს და არც კონტაქტზე არ გამოსულა არავინ ოჯახთან", - განაცხადა ნათია კირკიტაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული რადიო საქართველოს ხმის დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა. კუჭავამ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-ს ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. შსს-ს ცნობით, კუჭავამ თავი პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის დაწყების შემდეგ მოიკლა. შსს-ში ამტკიცებენ, რომ ქირიასა და კუჭავას ახლონათესაური კავშირი ჰქონდათ, ჩადენილი დანაშაული კი არ უკავშირდება პროკურორ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობას. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვახტანგ ქირია სახლიდან 13 იანვარს, დაახლოებით 16:15-ზე გავიდა და მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მოგვიანებით, მათივე თქმით, გარდაცვლილის მობილური ტელეფონი რუსთავში, გამვლელმა იპოვა. მისი ცხედარი 16 იანვარს, ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში იპოვეს. 

კომენტარები