შეწყალების საქმე

ელისაშვილი: ხელფასის და ხატის მეტი, არაფერი წამომიღია შეწყალების კომისიიდან

თეორემა/ტაბულა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპასუხო ბრალდებებით გამოდის და ალეკო ელისაშვილის შესაძლო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე საუბრობს. ბესელია უახლოეს დღეებში შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების გადაწყვეტილებების შესახებ პატიმრების წერილების გამოქვეყნებასაც გეგმავს. მისი მტკიცებით, კომისიის მიმართ ბევრი პრეტენზია იყო. ბესელია ამბობს, რომ კომისია თვეების განმავლობაში, საერთოდ არ იხილავდა პატიმართა საქმეებს.

წერილების გასაჯაროების მუქარას არასერიოზულს უწოდებს ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, ნებისმიერი პატიმრის წერილი, რომელიც კომისიას არ შეუწყალებია, კრიტიკული იქნება. ელისაშვილი ამ დრომდე მოითხოვს პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

"რომ არ შეიწყალეს პატიმარი და უკმაყოფილი იყო, ეს არის ძალიან გასაგები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პატიმარი რჩებოდა ხოლმე უკმაყოფილო, და არ მეგულება პატიმარი, რომელსაც არ მიაჩნდეს, რომ უდანაშაულოა და გარეთ გამოსვლა არ უნდოდეს. ერთი პატარა ხატი წამოვიღე შეწყალების კომისიიდან, პატიმრის გაკეთებული, პატიმრის დედამ მაჩუქა, ამის გამო თუ დამაკავებენ, ხელფასის მეტი მე არაფერი ამიღია ხუთი თვის განმავლობაში. არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ მილიონი შემოთავაზება იყო" - ამბობს ელისაშვილი.

უმრავლესობის დეპუტატი ქრონიკა პლიუსის რედაქტორ ელისო კილაძესთან ალეკო ელისაშვილის ალიანსზეც საუბრობს. ბესელიას მტკიცებით, ისინი, რუსთავი 2-ის დახმარებით, ქართული ოცნების სპიკერების წინააღმდეგ კამპანიას აგორებენ. ბესელიას თქმით, ამ გარიგებაში თავისუფალი დემოკრატების ნაწილი და პრეზიდენტი მარგველაშვილიც მონაწილეობს.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის დეპუტატების ინტერესის ობიექტად მას შემდეგ იქცა, რაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობისას მასზე ზეწოლაზე დაიწყო საუბარი.

კომენტარები