პროკურორის მკვლელობა

ოჯახის წევრები: ბიძინა კუჭავას ისეთი დაზიანებები აქვს, სიარულს ვერ შეძლებდა

რუსთავი 2

პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულად გამოცხადებული, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრები გამოძიების ვერსიას არ ეთანხმებიან. მათი მტკიცებით, გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიანიშნებს, რომ მოვლენები ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული სცენარით ვითარდებოდა. ოჯახმა ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩართო. 

"არის ისეთი დაზიანებები, რომელიც მკვლელს არ უნდა ჰქონდეს. დაზიანება სხვა ადგილებზეა, ნატყვიარზე არ არის ლაპარაკი, თავის არეზე არაა ლაპარაკი... თითი აქვს მიკერებული... ადამიანს ფეხი ისე აქვს დაზიანებული, არ შეიძლება, რომ ამ კაცმა შემდეგ სიარული შეძლოს, მანქანაში ჩაჯდეს, წავიდეს, თავი მოიკლას", - ამბობს საქართველოს ხმის დირექტორი მამუკა კუჭავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული რადიო საქართველოს ხმის დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა. კუჭავამ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-ს ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. შსს-ს ცნობით, კუჭავამ თავი პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის დაწყების შემდეგ მოიკლა. შსს-ში ამტკიცებენ, რომ ქირიასა და კუჭავას ახლონათესაური კავშირი ჰქონდათ, ჩადენილი დანაშაული კი არ უკავშირდება პროკურორ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობას. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვახტანგ ქირია სახლიდან 13 იანვარს, დაახლოებით 16:15-ზე გავიდა და მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მოგვიანებით, მათივე თქმით, გარდაცვლილის მობილური ტელეფონი რუსთავში, გამვლელმა იპოვა. მისი ცხედარი 16 იანვარს, ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში იპოვეს. 

კომენტარები