ხაინდრავას რადიო თბილისის მიკროავტობუსებში

თბილისის მიკროავტობუსებში გოგა ხაინდრავას რადიო იმაუწყებლებს

კომპანია თბილისის მიკროავტობუსში რადიო მაუწყებლობის ლიცენზია კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რეჟისორ გოგა ხაინდრავას რადიო თანამგზავრს - შპს. „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ გადასცა. როგორც კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა ტაბულასთან საუბრისას აღნიშნა, ლიცენზია კომპანიას კონკრეტული პირობებით გადაეცა. კერძოდ, უნდა იმაუწყებლოს დედაქალაქში და უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი თემატიკის გადაცემა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო. ყურაშვილის თქმით, ლიცენზიის მისაღებად განაცხადი სულ სამმა კომპანიამ შეიტანა - თბილისი (FM 92.3) - შპს „ტვ სტილი“, შპს „მომხმარებლების საყურადღებოდ“ და შპს „ახალი რადიო“; ახალმა რადიომ მოგვიანებით უკან გაითხოვა განაცხადი, რადგან სხვა კონკურსში აპირებდა მონაწილეობის მიღებას. 

„გოგა ხაინდრავას კომპანიამ ნამდვილად გაიმარჯვა რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსში, მაგრამ საკონკურსო პირობად მითითებულია სამაუწყებლო ზონად თბილისი. თბილისში უნდა იმაუწყებლოს - ეს არის მოთხოვნა მარეგულირებლისგან. სხვა დანარჩენი კომისიის კომპეტენციას სცილდება. ვისთან გააფორმებს ხელშეკრულებას ან რა ფორმით იმაუწყებლებს, ეს უკვე კომისიის პრეროგატივა არ არის. საერთო მაუწყებლობაა, რაც ნიშნავს, რომ მინიმუმ ორი თემატიკის გადაცემა უნდა ჰქონდეს - საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო. მანამდე ეს რადიო არ მაუწყებლობდა, ლიცენზია რომ მივეცით, ახლა გახდება მაუწყებელი და უნდა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რა პირობითაც გადაეცა ლიცენზია. რა კრიტერიუმებით მიენიჭა ამ კონკრეტულ მაუწყებელს უპირატესობა, გადაწყვეტილება რომ გაფორმდება, იქ იქნება სამოტივაციო ნაწილში მითითებული" - ამბობს ყურაშვილი.

სააგენტო ipress-ის მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ხაინდრავამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ მას ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს გაფორმებული კომპანია თბილისი მიკროავტობუსთან.

„ექსკლუზიური კონტრაქტი კომპანია თბილისის მიკროავტობუსთან მაქვს, რომლის შედეგად ჩვენ რადიოსადგურს გარანტირებული მსმენელი ეყოლება. დამერწმუნება ნებისმიერი ადამიანი, რომ მუსიკალური პროგრამების მდარე ხარისხის თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა. აქ აღარ არის საუბარი გემოვნებაზე. აქ საუბარია პაპსაზე, ლილოს ბაზრობის დონის მუსიკალური პროგრამებით არის გაჯერებული პროგრამები. მე ზუსტად ვიცი, ვინ რას უსმენს. ისიც ზუსტად ვიცი, რა დროს რას უსმენენ. ყველა კონკრეტულ მძღოლთან გვარით, სახელით, პასპორტის ნომერით, ხელმოწერებით არის ხელშეკრულებები დადებული. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მიკროავტობუსების მძღოლები ვალდებულნი არიან, ჩართონ რადიო თანამგზავრი, - აღნიშნა ხაინდრავამ. 

ტაბულას კითხვაზე, ექნებათ თუ არა მაუწყებლობის უფლება მიკროავტობუსებში სხვა რადიოებს, ხაინდრავა პასუხობს, რომ "ეს იქნება ნებაყოფლობით და დემოკრატიულ ქვეყანაში ვერავინ ვერავის და არ აიძულებს".

კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს მარეგულირებელი კომისიის საკონკურსო სხდომა, რომელზეც კონკურსში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა, გუშინ გაიმართა.

კომენტარები